თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში დილიდან ჩაშლილია სასწავლო პროცესი. პედაგოგები გაკვეთილებზე პროტესტის ნიშნად არ შევიდნენ. მასწავლებლებისთვის განათლების სამინისტროს ის გადაწყვეტილება აღმოჩნდა მიუღებელი, რომლის მიხედვითაც, ორი სკოლის ოპტიმიზაცია უნდა განხორციელდეს.
პედაგოგები აპროტესტებენ იმ მემორანდუმს, რომელსაც 162-ე სკოლის დირექტორმა ხელი მოაწერა. მათი განცხადებით მემორანდუმი მათთან და მშობლებთან შეთანხმების გარეშე გაფორმდა. პედაგოგების თქმით, სკოლის დირექტორმა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და სწორედ ამის გამო გამოთქვამენ პროტესტს.
მემორანდუმი ორი სკოლის ოპტიმიზაციას ითვალისწინებს, პირველი ექსპერიმენტალური სკოლისა და 162-ე სკოლის. მემორანდუმის თანახმად 162-ე სკოლის ტერიტორიაზე 5 პირველი კლასი უნდა შევიდეს. აღნიშნულს პედაგოგები და მშობლები ეწინააღმდეგებიან. ისინი აღნიშნულის გამო ეჭვობენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ შესაძლოა 162-ე სკოლის გაუქმებას ჰქონდეს ადგილი და პირველ ექსპერიმენტალურ სკოლად გადაკეთდეს.
„ჩვენ არავინ არაფრად ჩაგვაგდო, არც მასწავლებელი, არც მოსწავლე, არც მშობელი, ამიტომ, იძულებული გავხდით მიგვემართა ამ ზომისთვის, სამინისტრო გვეუბნება, რომ წელს მხოლოდ 5 პირველი კლასი შემოვა ექსპერიმენტალურის და შემდეგ, შენობის მეორე სართულის აშენების შემთხვევაში, იქ გადავიყვანთო, მაგრამ ეს არის ტყუილი“, - აცხადებს 162-ე სკოლის პედაგოგი.
სამინისტროსა და სკოლის დირექტორის გადაწყვეტილების გამო პედაგოგების მიერ გამოთქმულ პროტესტს, მშობლებიც უერთდებიან. ისინი დირექტორის გადადგომას მოითხოვენ.
162-ე სკოლის მოსწავლეა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის შვილი. ხიდაშელი დღეს პროტესტს შეუერთდა:
„საჯარო სკოლის მოვალეობაა, რომ უნდა მოემსახუროს იმ ბავშვებს იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, ამიტომ არსებობს კვოტები, ამისთვის არსებობს ფიზიკური მდგომარეობაც სკოლების. ასე ძალიან მარტივად შეიძლება ნებისმიერი სკოლის ჯერ შევიწროვება და შემდეგ გაქრობა, ასეთი ამბები არის დაუშვებელი“, - აცხადებს თინა ხიდაშელი.
განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით კი სკოლებს შორის გაფორმებული მემორანდუმი არა ოპტიმიზაციას, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორობას გულისხმობს.
„ჩვენ ვაპირებთ, რომ სკოლების თანამშრომლობა იყოს გაცილებით უფრო მჭიდრო. ჩვენ გვგონია, რომ სკოლების ერთმანეთთან თანამშრომლობის პრაქტიკა გრძელვადიან პერიოდში ხარისხობრივ გაუმჯობესებას მოიტანს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
162-ე სკოლაში განათლების მინისტრის მოადგილე მივიდა, იგი პედაგოგებთან და მშობლებთან შეხვედრას მართავს. თავდაპირველად იყო შეთავაზება, რომ პედაგოგებისა და მშობლების ნაწილი მისულიყვნენ განათლების სამინისტროში, მაგრამ მათ სამინისტროს ამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადეს.
პედაგოგები ასევე ეჭვობენ, რომ აღნიშნულ პროცესში შესაძლოა ვინმეს ეჭვი იკვეთებოდეს 162-ე სკოლის ტერიტორიასთან მიმართებით.
მასალის გამოყენების პირობები






