მესამე სექტორი ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნ შენიშვნებზე მუშაობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები შენიშვნებში ორ საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, კერძოდ - პრეზიდენტის არჩევის წესსა და საარჩევნო სისტემაზე:
„საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა სრულიად აზრგამოცლილი იქნება თუ ჩვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასაც კითხვის ნიშნები დაუდგა და პრეზიდენტის არჩევაც არაპირდაპირი წესით 2018 წელსვე შემოვიდა. ეს იქნება ძალიან პრობლემური,“ - განაცხადა სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.
კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც კონსტიტუციის არსებულ რედაქციაში არსებობს:
„გვქონდა საწინააღმდეგო პოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად. ამ საარჩევნო სისტემის პირობებში ფაქტობრივად არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მაღალი ალბათობით აქვს იმის გარანტია, რომ თვითონ განსაზღვროს, ვინ იქნება პრეზიდენტი. ცხადია, ეს არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის დამოუკიდებელ არბიტრად ყოფნას,“ - აცხადებს ვახუშტი მენაბდე.
მასალის გამოყენების პირობები






