მისი მუსიკის ჟღერადობა ძალიან ორგანულია, ავთენტური და, ამავდროდულად, ძალიან თანამედროვე. ხმის ტემბრი, ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ელექტრონული ელემენტებიდან სიმებიან საკრავებამდე, ძლიერი რიტმები და ძალიან სახასიათო ვოკალი - ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ ადამიანში, Emily Wells-ში ერთიანდება, რომელსაც თანამედროვე one man band-ი, ანუ ერთი ადამიანისგან შექმნილი მთელი ორკესტრი შეიძლება ვუწოდოთ. ალტერნატივა, ელექტრონული მუსიკა, კლასიკა, ფოლკი, რეგეი, ჰიპ-ჰოპიც კი - რა აღარ მოგივა თავში, როდესაც მოუსმენ არტისტს, რომელიც სრულიად მარტო დგას სცენაზე და ახერხებს შექმნას ძალიან მსუყე და ემოციური მუსიკა შენს თვალწინ.
ამერიკელი ექსპერიმენტული არტისტი ემილი უელსი, რომელიც ქართველ მსმენელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, 13 მაისს თბილისს ევროპული ტურნეს ფარგლებში ეწვევა და კიდევ ერთხელ ეცდება მოიგოს ქართული აუდიტორიის გული, ამჯერად უკვე ცოცხლად, სცენიდან და არა youtube-ის ვიდეოებიდან, რაც უკვე არაერთხელ გაუკეთებია.
ემილი მხოლოდ 13 წლის ტეხასელი გოგონა იყო, როდესაც საკუთარი მუსიკის 100 ეგზემპლარი აუდიოკასეტაზე ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე განათავსა და პირველი ჩანაწერები გაყიდა. ალბათ სწორედ ამ მომენტში გააცნობიერა, რომ ბევრად მეტი შეეძლო, ვიდრე უბრალოდ ვიოლინოზე დაკვრა იყო. ამის შემდეგ იყო ოთხი self-released ალბომი ლეიბლების გარეშე, 2007-ში გამოშვებული Beautiful Sleepyhead & the Laughing Yaks და მომდევნო წელს დარელიზებული ალბომი The Symphonies: Dreams, Memories & Parties, რომლის ნაწილიცაა ემილის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრეკი Symphony #6, Faire the Well & the Requiem Mix''. სწორედ აღნიშნულ ალბომს და ასევე 2016 წელს გამოსულ CD-ს, ''Promise''-ს შეიძლება ვუწოდოთ უელსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრები. მისი მუსიკა ძალიან ღრმაა, სწორედ ამიტომ რედ ბულის მუსიკის აკადემიამ ემილის ''სიმებიანი საკრავების სახეშეცვლილი ვირტუოზი'' უწოდა, რომელიც ''ჟანრის ჩარჩოებს ცდება და ატმოსფერული ფოლკის ჯადოსნურად მოქმედ ჰანგებს ქმნის.'' ქართველ მსმენელს სწორედ ამ ჯადოსნური ჰანგების მოსმენა შეეძლება 13 მაისს, კლუბ Elektrowerk-ში.
Emily Wells-ის კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის, Funday Entertainment-ის წარმომადგენლების განცხადებით, ემილი მოუთმენლად ელის ქართველ მსმენელთან შეხვედრას, რომლებსაც ახალ LP-ში ''In the Hot'' შესულ ''ცხელ'' კომპოზიციებს და ასევე ძველ, უკვე კარგად ნაცნობ ტრეკებსაც შესთავაზებს. როგორც ზემოთ ვახსენეთ, კონცერტი კლუბ Elektrowerk-ში გაიმართება, ლოკაციაზე, რომელიც კიდევ უფრო მეტ ეფექტს შესძენს როგორც ემილის გამოსვლას, ასევე იმ ქართველი არტისტების ლაივებსაც, რომლებიც 13 მაისს მასთან ერთად დაუკრავენ. სცენაზე მსმენელისთვის უკვე კარგად ცნობილი ქართული ბენდი Mellow (რომლის ლაივში მოსმენის ფუფუნება ქართულ აუდიტორიას საკმაოდ იშვიათად ეძლევა) და ელექტრონული დუეტი Shraves-იც გამოვლენ.
ღონისძიების პარტნიორი თბილისის მერიაა, მხარდამჭერები კი Fabrika, რესტორანი ‘‘Downtown’’, Geovoice, ვებ გვერდი adjaranet.com, ასევე რადიოები ‘‘უცნობი’’, ‘‘შოკოლადი’’ და ‘‘Beat FM’’ არიან.
კონცერტი 19:00 საათზე ქართული ბენდების გამოსვლით დაიწყება, რომელთა შემდეგაც სცენას ემილი დაიკავებს. Facebook-ზე გავრცელებულ მიმართვაში ის აღნიშნავს, რომ ძალიან მოხარულია საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობით და აინტერესებს თუ, როგორ მიიღებენ მის მუსიკას ქართველი მსმენელები უკვე ცოცხლად შესრულების დროს.
კონცერტის ბილეთები ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე http://tkt.ge/EmilyWells და ფილარმონიის სალაროებში. ორგანიზატორების თქმით, ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია, სულ ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ 900 ბილეთი, რომელთა ნახევარიც ამ მომენტისთვის უკვე გაყიდულია.
მასალის გამოყენების პირობები