„მძევლები“ - რეზო გიგინეიშვილის ფილმი ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ კინოეკრანებზე გამოჩნდა. ფილმი, რომელიც ქართული საზოგადოებისთვის საკმაოდ სენსიტიურ თემაზეა გადაღებული - საბჭოთა კავშირის მარწუხები, შეზღუდვები, „უჰაერობა“ და ჯინსების თაობის წყურვილი თავისუფლებისა.
თვითმფრინავის ბიჭებზე მრავალჯერ დაწერილა, ტურაშვილის „ჯინსების თაობა“ კი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია, დადგმულა მრავალი სპექტაკლი, ამჯერად კი გიგინეიშვილმა ისტორია კინოკადრებად აქცია.
1983 წლის 18-19 ნოემბერს მომხდარი სამგზავრო თვითმფრინავის გატაცების მცდელობა - 7-მა ქართველმა ახალგაზრდამ ტუ-134A-ს გატაცება სცადა, თუმცა, მცდელობა წარუმატებელი, უფრო მეტიც, სრულებით ტრაგიკული აღმოჩნდა. გეგა კობახიძე, დავით მიქაბერიძე, სოსო წერეთელი, კახა ივერიელი, პაატა ივერიელი, გია ტაბიძე და თინა ფეტვიაშვილი - მათი ისტორია დღემდე დიდი განხილვის თემაა.
„მძევლებში“ გეგას როლს ირაკლი კვირიკაძე, თინა ფეტვიაშვილის როლს კი თინათინ დალაქიშვილი ასრულებს. სპოილერებს თავი რომ ავარიდოთ, ფილმზე ნაკლებს ვისაუბრებთ, აღსანიშნავი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ მაყურებლის აზრი ორად გაიყო, ერთ ნაწილს ფილმი მოსწონს, მეორე ნაწილისთვის კი ფილმი სუსტია, თუმცა, ყველა ერთხმად თანხმდება მოსაზრებას, რომ მსახიობები დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად ასრულებენ.
რაც შეეხება უმცროსი ივერიელის, პაატას როლის შემსრულებელს გიორგი ხურცილავას - 25 წლის მსახიობი, რომელიც ასევე თამაშობს ფილმებში „ჩემი ბედნიერი ოჯახი“ და „მოირა“, გიორგი მსახიობ დავით ხურცილავას (ჯაპანას) ვაჟია, მისი შესრულება კი ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესოა ფილმში „მძევლები“.
განსაკუთრებით საინტერესო მსახიობის გარეგნობაა, რომელიც ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავ ორლანდო ბლუმს, გამომდინარე იქიდან, რომ ბლუმს ასევე ჰგავს “Homeland”-ის ვარსკვლავი რუპერტ ფრინდი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრინდიც ქართველი მსახიობის ორეულია. ალბათ ხმამაღალ ნათქვამად არ ჩაგვეთვლება თუ ვიტყვით რომ ქართველებს ქართველი ორლანდო ბლუმი გვყავს.
გიორგი ხურცილავა
ორლანდო ბლუმი
ორლანდო ბლუმი და რუპერტ ფრინდი
მასალის გამოყენების პირობები