ციალა ქათამიძეს აინტერესებს ჰქონდა თუ არა დაკავების დროს ძალის გადამეტებას ადგილი. სახალხო დამცველის წარმომადგენელის თქმით, გუშინ მერაბ ღოღობერიძეს შეხვდა.
"სამმართველოს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ადვოკატისთვის მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლის უფლება არ შეუზღუდავთ. ადვოკატი კი საპირისპიროს ამბობდა. საბოლოო ჯამში ადვოკატი ჩვენთან ერთად შევიდა, თუმცა დრო არ იყო, ამიტომ ღოღობერიძეს დღეს შევხვდებით. სავარაუდოდ დღესვე შევხვდებით მეორე დაკავებულსაც"- აცხადებს ქათამაძე.
11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზების ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის დაკავება ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით ისინი დაკავებულნი არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმას გულისხმობს.
ირაკლი ჩხვირკია თბილისში, ხოლო მერაბ ღოღობერიძე კი ბათუმში დააკავეს.
მასალის გამოყენების პირობები






