ოზურგეთში, ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხე მოძრავ მსუბუქ ავტომანქანს დაეცა, რომლის შედეგად დაშავებულია ავტომანქანის მძღოლი.
47 წლის მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის საშუალოდ მძიმეა. მას დაზიანებული აქვს ხერხემალი და ხელის მტევანი.
გურიაში ქარის შედეგად წაქცეულმა ხეებმა რამდენიმე ავტომანქანა დააზიანა.
ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ქალაქ ოზურგეთისა და სოფლების ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
ერთ-ერთი სახლის სახურავიდან მამაკაცი ჩამოვარდა, ის ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდა.
დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც მოსახლეობას დენი რამდენიმე საათს არ მიეწოდებოდა.
ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში სტიქიამ შაინიძეების ხის სახლი დაანგრია. მათი თქმით, სახლის დატოვება დანგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოასწრეს.
გონიოში ძლიერმა ქარმა ერთ-ერთ სახლს სახურავი გადახადა, რომელიც პოლიციის ეზოში გაჩერებულ მანქანებს დაეცა.
სტიქიაა სამეგრელოშიც. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, მოგლეჯილია ხეები ნაცატუში, ტყაიაში, ჩხორიაში, ინგირში, ზედა ეწერში, რუხში, რიყესა და ჭკადუაშში, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
ხე დაეცა რაიონული სავადმყოფოს ყოფილ შენობას. პრობლემებია ზუგდიდის რაიონის რამდენიმე სოფელშიც. გადახდილია სახურავები , მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია ელექტროსადენები.
სტიქიამ განსაკუთრებით წალენჯიხის რაიონის სოფლებში დააზიანა. სოფელ ჭალეში კი, ქარმა სახურავი სკოლას ნაწილობრივ გადახადა.
მოსახლეობა დახმარებას და დაზიანებული სახლების აღდგენას ითხოვს.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა ქვეყნის მასშტაბით კიდევ რამდენიმე დღის განმავლობაში იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






