დაკარგულის ნათესავი ნინო დუმბაძე ხელისუფლებას მიმართავს, იშუამდგომლოს რუსეთთან, რომ მეზღვაურების სამძებრო სამუშაოები არ შეწყდეს.
"ვთხოვთ მთავრობას, რომ დაგვეხმაროს. ფიზიკურად არ გვაქვს საშუალება, ორი ქვეყნის ურთიერთობიდან გამომდინარე, ადგილზე წავიდეთ. გვსურს, ჩვენმა მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას მიმართოს თხოვნით, რომ ძებნას ნუ შეწყვეტს. დაკარგულის ძმა ადგილზე ჩავიდა და გვაქვს ინფორმაცია, რომ სამძებრო სამუშაოები წყდება. როგორც გავიგეთ, დაკარგულია ე.წ. კაფსულა, რომელშიც შესაძლოა დაკარგულები იმყოფებოდნენ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ცოცხლები არიან, ლაშა 25 წლისაა.."- განაცხადა დაკარგულის ნათესავმა.
19 აპრილს შავ ზღვაში სატვირთო გემი ჩაიძირა. მაშველებმა სამძებრო ოპერაციების შედეგად 5 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. მათ სიცოცხლეს ამ დროისათვის საფრთხე არ ემუქრება.
ნაპოვნია სამი ცხედარი, თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარდაცვლილთა შორის იყო საქართველოს მოქალაქეც, თუმცა, ცხედართა იდენტიფიცირების შემდეგ აღნიშნული ცნობა არ დადასტურდა.
ამ დრომდე ეძებენ ეკიპაჟის 7 წევრს. პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
სატვირთო გემი „გეროი არსენალა“ რუსეთის ქალაქ აზოვის პორტიდან თურქეთისკენ მიემართებოდა და მარცვლეულით იყო დატვირთული.
მასალის გამოყენების პირობები






