საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, ასევე თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს.
„მოამბის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, დავითაშვილი სასაფლაოდან სახლში ბრუნდებოდა, ეზოში შესვლისას კი მას თავდამსხმელმა მაკაროვის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. დავითაშვილს ჭრილობები ფეხის არეში აქვს მიყენებული. ის თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შესაძლოა, დაჭრის ფაქტი მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდებოდეს. არსებული ინფორმაციით, მას წლების წინ სავარაუდო ეჭვმიტანილთან კონფლიქტი ჰქონდა.თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო.
„მოამბის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი ოჯახის წევრებმა იცნეს, მას ნიღაბი არ ეკეთა. ვასილ დავითაშვილის ოჯახის წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან.
შსს-ს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლით დაიწყო.
უწყების ცნობით, დამნაშავის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
წყარო 1tv.ge
მასალის გამოყენების პირობები






