ფონდი "დედის ხელები", ევერესტი და gmschool-ი ერთობლივ ინოვაციურ სოციალურ პროექტს იწყებს. ახალი ინიციატივის ფარგლებში მათემატიკური ნიჭის მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ფონდი "დედის ხელები" დააფინანსებს."განათლების მნიშვნელობაზე უამრავი რამ დაწერილა და ყველამ ვიცით, რომ ეს არის და ყოველთვის დარჩება იმ ყველაზე მყარ კაპიტალად, რომელიც მის მფლობელს უშრეტად შეუძლია გამოიყენოს, თუ სწორად და ჭკვიანურად დაგეგმავს მომავალს. ამასთანავე განათლება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სავალი გზის ყველაზე საიმედო გასაღებია. თუმცა ხარისხიანი და კარგი განათლება სამწუხაროდ არ არის იაფი და მით უმეტეს, უფასო (ან ადვილად ხელმისაწვდომი). ფონდი „დედის ხელები“ იწყებს პროექტს, რომლის ფარგლებშიც, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიდან გამოსულ ბავშვებს საშუალება მიეცემათ, მიიღონ კარგი განათლება და შესაბამისად, ფონდი იზრუნებს სამომავლოდ მათ დასაქმებაზეც. ფონდმა არსებობის მცირე დროის მანძილზე, სხვა ქველმოქმედებებთან ერთად, შეძლო და ხელსაქმე შეასწავლა რამდენიმე გაჭირვებულ ადამიანს და შესაბამისად მათი ნამუშევრების რეალიზებაშიც ეხმარება, თუმცა ორგანიზაციის მესვეურები თვლიან, რომ ადრეულ ასაკში ადამიანის განვითარებასა და განათლების ხელშეწყობა გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე ზრდასრული ადამიანის სამსახურისთვის გადამზადება, ან მათი სარეაბილიტაციო პროგრამა, ან მათთვის მუდმივი დახმარების გაწევა. მაგრამ პარალელურად ამისა , ფონდი აგრძელებს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მატერიალურად დახმარებასაც, რადგან იმის ლოდინი, ბავშვი როდის გაიზრდება და მიღებული განათლებით ოჯახის სოციალურ მდგომარეობას როდის გამოასწორებს, სამომავლო პერსპექტივაა და დღევანდელ რეალობას ვერ შეცვლის.
აღსანიშნავია, რომ ეს პროექტი შეეხება ასევე მრავალშვილიან ოჯახებსაც, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური სტატუსით. შესაძლოა ისინი არ მიეკუთვნებიან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ფენას, მაგრამ მოგეხსენებათ, 3-4 და მეტი ბავშვისათვის სათანადო განათლების მიცემა საკამოდ რთულია და უმეტეს შემთხვევაში _ შეუძლებელიც. ასეთი ოჯახები, თუ მათ სოციალური სტატუსი არ აქვთ, არანაირი შეღავათით არ სარგებლობენ და შესაბამისად, ბავშვებიც არათანაბარ პირობებში არიან, სხვა ბავშვებთან შედარებით.
„უამრავი ბავშვია ჩვენს ირგვლიც, რომლეთაც არ ეძლევათ საშუალება თავიანთი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ სიდუხჭირის გამო, რადგან მათი მშობლების ძირითადი აქცენტი მიმართულია იმისაკენ, რომ ბავშვს არ მოშივდეს, არ შესცივდეს, და განათლება ასე თუ ისე უყურადღებოდ რჩება, და ფაქტიურად, ასეთი ოჯახის შვილები, იშვიათი ბედნიერი გამონაკლისების გარდა, განწირულნი არიან იგივე მდგომარეობაში ცხოვრებისათვის... ამიტომ გადავწყვიტეთ, გარდა მატერიალური დახმარებისა, ასეთი ბავშვებისათვის მიგვეცა იმედი. იმედი, რომელიც მათ დაანახებს სინათლის სხივს, იქ, სადაც ჯერ კიდევ ბნელა.“ _ განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა.
მიზნის მისაღწევად, ფონდმა დიდი სიფრთხილით დაიწყო ძებნა ისეთი ორგანიზაციებისა, რომლებიც გვერდში დაუდგებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ ამ საქმის განხორციელებაში, რომლებიც მთელი სიცხადით აღიქვამდნენ პრობლემის არსს და მზად იქნებოდნენ იმ გამოწვევებისათვის, რაც ამ პროექტის განხორციელებაში გზადაგზა გახდებოდა საჭირო. პირველი, ვინც პროექტში ჩაერთო, იყო მათემატიკური საშაბათო სკოლა Gmschool, რომელიც მზად არის ტესტირების საფუძველზე გამოავლინოს მათემატიკის ნიჭის მქონე რამდენიმე ბავშვი, რომელსაც შემდეგ ფონდი დააფინანსებს. გარდა ამისა, სკოლამ ფონდის შემომწირველებისთვის დააწესა სპეციალური ფასდაკლება.
თანამედროვე მიდგომები განათლებასა და ფსიქოლოგიაში ცდილობენ თამაშის ფენომენი დაუკავშირონ სწავლის პროცესს და სწორედ ამ მიდგომების გათვალისწინებით, Gmschool-ში მათემატიკის და ლოგიკის საფუძვლიან შესწავლასთან ერთად, გარკვეული დრო აქვს დათმობილი ხელოვნებას, ფსიქოლოგიას და სახალისო მათემატიკას. სკოლაში ასევე ფუნქციონირებს საჭადრაკო წრე, რომელსაც საერთაშორისო ოსტატი და ფიდეს სერთიფიცირებული მწვრთნელი ხელმძღვანელობს. (საჭადრაკო წრეზეც ასევე მოქმედებს ზემოთ აღნიშნულ შეთავაზებები).
პროექტში ასევე ჩაერთო ცნობილი მათემატიკური ოლიმპიადა „ევერესტი“ . მათი გადაწყვეტილებით, ყველა, ვინც დარეგისტრირდება ოლიმპიადის დამატებით ტურზე, გადაიხდის რეგისტრაციის თანხას და ამის შემდგომ, სახელსა და გვარს მოგვწერს ფონდის(„დედის ხელები/Mothers hands”) ფეისბუქის გვერდზე, ავტომატურად გახდება ამ პროექტის მონაწილე, რადგანაც დამატებით ტურზე რეგისტრაციის თანხა ფონდს გადაერიცხება შემოწირულობის სახით. გარდა ამისა, ოლიმპიადის საუკეთესო ათეულში მოხვედრილი სოციალურად დაუცველი ან მრავალშვილიანი ოჯახის შვილი, ავტომატურად ისარგებლებს ფონდის დაფინანსებით ზემოთ აღნიშნულ მათემატიკურ სკოლაში.
სამომავლოდ ეს თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სხვა სასწავლო დაწესებულებებიც ჩაერთვებიან ამ პროექტში.
მსოფლიოს მრავალი ორგანიზაცია ებრძვის შიმშილსა და სიღარიბეს, და პარალელურად ცდილობენ გაჭირვებულ ოჯახებს განათლების მიღებაშიც დაეხმარონ. უამრავი მაგალითი გვაქვს იმისა, რომ უღარიბეს ადამიანს თავისი ნიჭისა და განათლების წყალობით უდიდესი შედეგისათვის მიუღწევიათ, მაგრამ მათ უნდა მივცეთ ამის საშუალება და უნდა შევუწყოთ ხელი, არ იგრძნონ უთანასწოროდ თავი საზოგადოებაში. სოციალური უთანასწორობა ძალიან მძიმე და შესამჩნევი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში, მაგრამ ამ ყველაფრის შეცვლა შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს. „აღსანიშნავი და ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ როდესაც პროექტი ჩვენს ჯგუფში დავაანონსეთ, შემოწირულობის სურვილი გაუჩნდა უამრავ სოციალურად დაუცველ ადამიანს, რადგან მათ დაინახეს შანსი იმისა, რომ შესაძლოა ამ პროექტმა მათი მომავალი შეცვალოს და მათ შვილებს მისცეს შანსი კარგი განათლება მიიღონ, სწორედ ამიტომ, დიდი ენთუზიაზმით გამოთქვეს დახმარების სურვილი, თუმცა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების დანარჩენი ნაწილის ჩართულობა იქნება საკმარისი იმისათვის, რომ მათი ისედაც მცირე შემოსავალი არ გახდეს საჭირო ამ პროექტის განსახორციელებლად.“ _ განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა.
იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოთ ამ და სხვა პროექტებში, საკმარისია შეუერთდეთ ფონდ „დედის ხელებს“ ფეისბუქზე და გახდეთ შემომწირველი თუნდაც 1 ლარით. ერთიანობა დიდი ძალაა და ამ ძალით ყველაფრის უკეთესობისკენ შეცვლა შეიძლება!
„მოხარული ვიქნებით, თუკი რომელიმე კომპანია ან რომელიმე რაიონული გამგეობა გამოთქვამს მხარდაჭერას და ტესტირების საფუძველზე არჩეული ბავშვების დაფინანსებაში დაგვეხმარება, ეს იქნება უკეთესი მომავლისთვის გაღებული ინვესტიცია, რომელიც აუცილებლად დაუბრუნდება ჩვენს ქვეყანას სასიკეთოდ და თუკი ჩვენ ამ პროექტით შევძლებთ თუნდაც ერთი ბავშვის მომავლის შეცვლას უკეთესობისაკენ, ჩავთვლით, რომ ჩვენი მისია შევასრულეთ! მაგრამ თუ საზოგადოება თანაბრად ჩაერთვება ამ პროექტში, გარწმუნებთ, არაერთი ბავშვი იგრძნობს სრულფასოვნად და რეალიზებულად თავს, მიუხედავად მისი ცხოვრების მძიმე პირობებისა!“ _ ამბობენ „დედის ხელების’ თანამშრომლები.
ფონდის რეკვიზიტებია:
1. საქართველოს ბანკი: GE51BG0000000668714400
2. თიბისი ბანკი: GE64TB7015436080100015
3. ლიბერთი ბანკი: GE86LB0115119616889001
საიდენტიფიკაციო კოდი: 406719987
მიმღები ააიპ დედის ხელები
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან: 0 901 701 225
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ თიბისის აპარატიდან, ქველმოქმედების მე-5 გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






