20 აპრილს საქართველოს კინოთეატრებში წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმის რეზო გიგინეიშვილის "მძევლების" პრემიერა შედგება.
სანამ ფილმი ეკრანებზე გამოვა, პირველი თიზერი გავრცელდა.
მძევლების“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე (ბერლინალე) შედგა.
შემოქმედებითი ჯგუფი სრულად დაესწრო ფილმის პირველ ჩვენებას, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. პრემიერის პირველმა შემფასებლებმა „მძევლები“ ბერლინალეს ერთ-ერთ კინოაღმოჩენად აღიარეს.
ფილმის სცენარი 1983 წელს მომხდარ რეალურ ამბავს ეფუძნება. "მძევლები“ ახალგაზრების მიერ საბჭოთა კავშირიდან თვითმფრინავის გატაცების ისტორიასა და მის შედეგებს გვიამბობს.
ფილმს უცხოური მედიის გამოხმაურება მოჰყვა.
რეზო გიგინეიშვილის ფილმს გავლენიანი გამოცემა Variety გამოეხმაურა. ჟურნალისტი ჯესიკა კაინგი წერს, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის ქვეყნის სტატუსისგან გათავისუფლდა, ეროვნული კინემატოგრაფია კი წარმატებით განვითარდა. შესაბამისად, „ქართულ კინოში ახალი ტალღა დაიწყო, ამის ნათელი მაგალითი კი რეზო გიგინეიშვილის ფილმი მძევლებია.”
ბერლინალეს სიურპრიზი უწოდა ცნობილმა კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა, რომელიც წერს , რომ ეს ფილმი საქართველომ აუცილებლად უნდა წარადგინოს ოსკარზე.
„მძევლები“ ვრცლად განიხილა სააგენტო Hollywoodreporter-მა და Screendaily-მა . როგორც გამოცემი წერენ, საბჭოთა კავშირში მომხდარ რეალურ ამბავზე დაფუძნებული ისტორია, ცივი ომის ტრაგიკული ბექგრაუნდით, სანახაობრივად ძალიან კარგია.
„მძევლები“ ქართულ-რუსულ-პოლონური პროდუქციაა და ქართული და პოლონური კინოცენტრების ერთობლივი დაფინანსებით შეიქმნა.
ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, ილიკო სუხიშვილი, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე,ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები