როსტომ ჩხეიძე რომანში სოლომონ დოდაშვილს, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა და იმდროინდელი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო, „ილიამდელ ილიას“ უწოდებს თავისი მრავალმხრივობისა და მასშტაბურობის გამო. როსტომ ჩხეიძის დოკუმენტურ რომანში ისიცაა აღნიშნული, რომ მართალია ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე სოლომონო დოდაშვილი 1836 წელს, 31 წლის ასაკში, ჭლექით გარდაიცვალა გადასახლებაში, მაგრამ ბევრი რამ მოასწრო.
„სოლომონ დოდაშვილი მხოლოდ ევროპეიზმის მქადაგებელი არ ყოფილა და გარკვეულწილად დღევანდელი სახელმწიფოს ფუძემდებელიცაა. მე-19 საუკუნის მოღვაწეები სწორედ სოლომონ დოდაშვილის იდეების გამგრძელებლები იყვნენ და სწორად შენიშნავს ბატონი როსტომი, როცა თავის წიგნში მას მეტაფორულად „ილიამდელ ილიას“ უწოდებს,“ - აღნიშნა პროფესორმა მანანა კვატაიამ.
პოეტისა და ისტორიკოსის, დოდო ჭუმბურიძის თქმით კი, დოკუმენტური პროზა, როგორც ჟანრი, ურთულესია, რადგან მოითხოვს მწერლის დიდ ნიჭს, ასევე, ფაქტობრივი მასალების ღრმა და ყოველმხრივ ცოდნას: „წიგნში ძალიან ბევრი კონცეპტუალური წიაღსვლა და ძალიან ბევრი ისეთი ფაქტია წინ წამოწეული, რაც ისტორიკოსებისთვისაც გასაოცარია, რადგან ზოგჯერ საინტერესო ფაქტების მიღმა რთული მოვლენებია ხოლმე და არა მხოლოდ მშრალი საარქივო მასალები.“
„სოლომონ დოდაშვილზე წერა იოლიც არის და ძნელიც . იოლი იმიტომაა, რომ ავტორს ბევრი მასალა აქვს ხელთ. ძნელი კი იმიტომ, რომ მთავარი გმირის მრავალმხრივი პიროვნება რაც შეიძლება სრულყოფილად წარმოაჩინო. როსტომ ჩხეიძემ თხრობის არაჩვეულებრივი მანერით, მასალის ორიგინალური დალაგებითა და კომპოზიციის გრძნობის წყალობით ნამდვილად შეძლო, შეექმნა მნიშვნელოვანი რომანი, რომელიც გამოირჩევა არა მხოლოდ მის შემოქმედებაში, არამედ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში,“ - განაცხადა პროფესორმა მაია ჯალიაშვილმა.
წიგნის განხილვაზე სიტყვით გამოვიდნენ: გორის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, პროფესორები - თამარ გოგოლაძე, გიორგი ხორბალაძე, ნინო ვახანია, მანანა გაბაშვილი, ზაზა აბზიანიძე, ნინო ბაქანიძე, ლადო ჭელიძე, პოეტი ნინო ქუთათელაძე.
მასალის გამოყენების პირობები