24 მარტს, საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში მსოფლიოს 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში V ტურის შეხვედრა სერბეთის ნაკრებთან გამართა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა. ამ წაგებით გუნდმა გუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა.
ანგარიში 1 ტაიმის მე-5 წუთზე ნიკა კაჭარავამ გახსნა, რომელმაც სერბი მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ბურთი გაიტანა.
საქართველოს ნაკრებს უპირატესობის გაზრდაც შეეძლო, თუმცა კაჭარავას იდეალური პასით მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ვაკო ყაზაიშვილმა კარს მცირე მანძილით ააცილა.
სერბმა ფეხბურთლებმა ანგარიში ტაიმის მიწურულს დანიშნული 11-მეტრიანით გაატანაბრეს. გოლი 45-ე წუთზე დუშან ტადიჩმა გაიტანა.
მეორე ნახევარში, 64-ე წუთზე სტუმრება ქართველ ფეხბურთელთა მიერ დაცვის ცენტრში დაშვებული შეცდომით ისარგებლეს და დაწინაურდნენ. გოლი ძლიერი დარტყმით ალეკსანდრ მიტროვიჩმა გაიტანა. გოლის გაშვების შემდეგ ქართველი ფეხბურთელები შეტევაზე გადავიდნენ, თუმცა, ბურთი კვლავ სერბებმა გაიტანეს - 86-ე წუთზე მიატ გაჩინოვიჩმა საბოლოო ანგარიში 1-3 დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დამარცხებაზე პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღო. მისი განცხადებით, ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი ინდივიდუალური და პოზიციური შეცდომა დაუშვეს. და სერბებისგან განსხვავებით რამდენიმე საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს.
"რა თქმა უნდა, მწვრთნელი შედეგზე პასუხისმგებელია და ამას ვიღებ ჩემს თავზე, მაგრამ მოედანზე შეცდომებს ფეხბურთელები უშვებდნენ და მათ ნაცვლად მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ.
ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები - მაკედონიაში, აზერბაიჯანში, პოლონეთში და ნახეთ, სად თამაშობენ ჩვენი მეტოქეები.
დღეს არსებული რესურსიდან გამომდინარე საუკეთესო შემადგენლობა დავაყენე. თუ ხვალ მეტყვიან, რომ შენ ხარ დამნაშავე, წავალ!", - განაცხადა ვაისმა.
სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის სლავოლიუბ მუსლინის განცხადებით, მისმა ფეხბურთელებმა პირველი ტაიმის მიწურულსა და მეორე ტაიმში კარგად ითამაშეს და გამარჯევბას მიაღწიეს, თუმცა, ანგარიში 1-3 მატჩის დაძაბულობას და რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან საქართველოს ნაკრები ამ ანგარიშით მარცხს არ იმსახურებდა.
"ცოტა მეცოდება ვლადიმირ ვაისი, ასეთ მარცხს არ იმსახურებდა," - განაცხადა მუსლინმა.ამ მოგების შემდეგ სერბეთი ქულებით დაეწია ირლანდიის ნაკრებს, რომელიც გუშინ უელსს დაუზავდა და 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებს. საქართველოს ნაკრები კი კვლავ ბოლოსწინა ადგილზეა.
გამოყენებულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფოტო
მასალის გამოყენების პირობები