2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრებ მეტრეველების ოჯახს საცხოვრებელი სახლი დაენგრა და უკვე მეცხრე წელია გორში, მეთექვსმეტე ბაგა-ბაღის ერთ ოთახში ცხოვრობს. 6 სულიანი ოჯახის დიასახლისი ირინა მეტრეველი ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტთან საუბრისას ამბობს, რომ მათ მთავრობამ დევნილის სტატუსი არ მიანიჭა და დანგრეული სახლის სანაცვლოდ, არც კოტეჯი არ მისცა. სწორედ ამიტომ, მეტრეველები მშობლიურ სოფელში დაბრუნებას ვერ ახერხებენ და ბაგა-ბაღის შენობაში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. მათ არ აქვთ სასმელი წყალი და სველი წერტილები. „თუ მთავრობა გვერდში არ დამიდგება, მე ცოცხლად დავიწვავ თავს. მე გორიდან ჩავდიოდი თბილისში და იქ ვაძლევდი ხმას. ნათხოვარი ნივთები მაქვს ოჯახში, სოფლიდან არაფერი არ გამომიტანია, ჩემი მხოლოდ საწოლები მაქვს აქ. სოციალური დახმარება გვაქვს და ისიც კრედიტი გვაქვს გამოტანილი“-აცხადებს ირინა მეტრეველი.
იმის მიუხედავად, რომ მეტრეველები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ოჯახი შეშობს, რომ მათ მალე საბავშვპო ბაღის შენობიდანაც გაასახლებენ და ღია ცის ქვეშ მოუწევთ დარჩენა. რადგან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მალე ავტორიზაცია უნდა დაიწყოს. უსტატუსო დევნილი ოჯახის მდგომარეობას იცნობენ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, დავით ონიაშვილის უწყება მათ ქირით გაყვანას სთავაზობს, თუმცა ოჯახი წინააღმდეგია.
„უკიდურესად გაჭირვებულები ვართ, მეუღლე მყავს ვეტერანი და 4 მცირეწლოვანი შვილი. ბავშვებით ფაქტიურად ვრჩებით ქუჩაში. თვეში გამოყოფილი არის 90 ლარი, ამ ფასში ვერაფერს ვერ ვიქირავებთ. ეგეც არ ვიცით რამდენი ხანი გაგვიყვანენ ქირით, ეგეც განხილვის პროცესშია. უსახსრობის გამო ვერც სახლს გვიშენებენ, დანგრევა უნდა და თავიდან აშენება. იქნებ დაგვეხმაროს ვინმე“-ამბობს ირინა მეტრეველი.