აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს სხდომათა დარბაზში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის - 21 მარტისადმი მიძღვნილ გამოფენა-გაყიდვაზე, რომელზეც შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის - „თანა“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრთან არსებული სპეციალური საჭიროების მქონე პირთა „დღის ცენტრის“ აღსაზრდელების 30-მდე ნახატი და ხელნაკეთი ნივთი იყო წარმოდგენილი, ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი აჭარის ავტონომიური რსპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრის, ზაზა უქუაშვილის წარმომადგენელმა შეიძინა და დღის ცენტრს, საქველმოქმედო მიზნით, 300 ლარი გადაურიცხა.
ღონისძიებას - „ჩემი ხმა საზოგადოებაში“ უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და საკანონმდებლო ორგანოს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა, რომელმაც 1000 ლარს გადააჭარბა, ორივე ცენტრის ბენეფიციარების საჭიროებებზე დაიხარჯება.
„თანას“ და „დღის ცენტრის“ ხელმძღვანელებმა - ნანა საყვარელიძემ და მაია ქათამაძემ კანონმდებლებს გულითბილი მიღებისა და თანადგომისათვის მადლობა გადაუხადეს.
გამოფენა-გაყიდვის დასასრულს საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები და ტკბილეულობა გადასცეს.
მასალის გამოყენების პირობები






