ბიძინა ივანიშვილის ხეების გამო ნატანებში გაზის მილები ჩაჭრეს. ამის დამადასტურებელ ფოტო-მასალას საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ენმ-ის ადგილობრივი ლიდერი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი, დავით მჟავანაძე აქვეყნებს.
მისივე მტკიცებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებიდან წვერმაღალას მიმართულებით რამდენიმე მეტრზე გაზის მილები ჩაჭრეს.
ეს სწორედ ის მონაკვეთია, სადაც იმ ასწლოვანი ხეების ტრანსპორტირება უნდა მოხდეს, რომელიც ექს-პრემიერმა ნატანებში მცხოვრები ოჯახისგან შეიძინა.
მჟავანაძე გვეუბნება, რომ როგორც ადგილობრივი მოსახლეობას აუხსნეს, გაზის მილების ჩაჭრა იმის გამო მოხდა, რომ უხარისხო იყო და მისი შეცვლა იგეგმება.
მისი თქმით, ადგილობრივები მოატყუეს და აღნიშნულ მონაკვეთზე მილების ჩაჭრა სწორედ ხეების გადატანის პროცესს უკავშირდება.
ასწლოვანი ხეების გადატანა ნატანებიდან ამ დრომდეც უნდა მომხდარიყო, თუმცა უამინდობის გამო, მისი დენდროლოგიურ პარკში გადატანა დროებით შეჩერდა და სავარაუდოდ, მათ ხვალ გადაიტანენ.
გაზის მილების აღდგენა კი სავარაუდოდ მას შემდეგ მოხდება, რაც მძიმე ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთს გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები






