ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და სურსათზე გაზრდილი ფასების გამო, გურიის მოსახლეობის დიდი ნაწილი სერიოზული ყოფითი პრობლემების წინაშე დადგა.
ტოტალური უმუშევრობის პირობებში, ძირითადად რეგიონებში ნომერ პირველ პრობლემად, ოჯახების გამოკვება და თავის გატანა რჩება.
ოზურგეთში გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობა აცხადებს, რომ ეკონომიურად ძალიან უჭირთ. არიან ისეთები, ვისაც პურის ფული არ აქვს და ბანკში კრედიტებს ვერ იხდის. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც სავაჭრო ობიექტები აქვთ, ამბობენ რომ მყიდველთა რაოდენობა საგრძნობლად არის შემცირებული და გასულ წლებთან შედარებით მუშაობა ფაქტიურად არა აქვთ. მათი ნაწილის განცხადებით, ბანკიდან აღებულ კრედიტებს ვერ ფარავენ, რის გამოც სავაჭრო ობიექტებს ხურავენ და სამუშაოდ მეზობელ თურქეთში გადადიან.
„რატომ უნდა წავიდე სამუშაოდ თურქეთში, არ შეიძლება ჩემს ქვეყანაში ვიმუშავო?! ხომ გვპირდებოდნენ ამას, იმას ხომ არ ვითხოვთ რაც არ იყო ოცნების დაპირებაში, რაც იყო იმაზე ვსაობრობთ. 14 ათასი ლარი მაქვს გამოტანილი, რით დავფარო მუშაობა არაა. საქონელი მივიღეთ და ვერ ვყიდით. 8 ათასი ლარის ნისიაა, რომელსაც ვერ ვიღებთ.“
„როდემდე უნდა ვითმინოთ ამათგან მასხრად აგდება? დროა ყველა ერთად დავდგეთ კიდევ ერთხელ და ჩამოვაშოროთ ეს არაფრის მაქნისი მთავრობა. მოსახლეობის 80 % მშიერია. ხალხი თავს იკლავს პურის ფული რომ არ აქვს იმის გამო და ესენი კიდე ამხელა თანხას ხარჯავენ ჩვენს ხარჯზე ?!“
„ოჯახში ხუთნი ვართ, მათ შორის, ერთი პენსიონერი. სისტემატურად მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს. მე თვეში მხოლოდ 2-3 დღე ვმუშაობ, როდესაც გამოძახება მაქვს. ამის გამო ვერ ვახერხებთ ნორმალურად კვებას. ჩვენ ვიკლებთ და ბავშვებს ვაჭმევთ, ამის შესაძლებლობა, უფულობის გამო, არ გვაქვს. ხორცს რომ თვეში ორჯერ მეტად ვერ იყიდი, ისიც ძალიან მცირე ოდენობით, ეს არ არის ნორმალური?“
„საკმაოდ ხალხმრავალ უბანში მაღაზია მაქვს, სადაც თითქმის ყველაფერს ვყიდი, ხილ-ბოსტნეულსა და ხორცსაც კი. მარკეტში არჩევანი მრავალფეროვანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხი ყოველდღიური მოხმარებისთვის სულ რამდენიმე დასახელების პროდუქტს ყიდულობს. პირველ რიგში პური იყიდება, შემდეგ კარტოფილი მოდის, კვერცხსაც ხშირად ყიდულობენ. იშვიათად იძენენ ხორცს და ხილს. ბევრს მათი ყოველდღიურად შეძენის საშუალება არ აქვს და მხოლოდ იმას ჯერდება, რაც საარსებოდ აუცილებელია.“
„რამდენიმე წელია ვვაჭრობ. ხორცს ვყიდი და მინდა გითხრათ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაყიდვების რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. მყიდველების სეგმენტი ერთი და იგივეა, იშვიათად რომ სხვა კლიენტიც შემოემატოს. ეს პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობას საშინლად უჭირს. გართობაზე კი არ მაქვს საუბარი, სხვა მეორეხარისხოვანი საქონლის შეძენაზე. ისინი ელემენტარულად იმ საჭმლის ყიდვას ვერ ახერხებენ, რომელიც მათი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია."
„პარადოქსული მდგომარეობაა. მოკლედ, ჩვენ გვაქვს ქვეყანა, სადაც თუ მეტს არა, 80%-ს უჭირს.¬ თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება არ დაიწყო, გვემუქრება საფრთხე - ყველანი სოციალური დახმარების იმედად დავრჩეთ, თუ მოგცეს ისიც, ან ისევე გავიქცეთ ქვეყნიდან, როგორც ნახევარი საქართველო გაიქცა თურქეთში“.
„ქვეყანამ ემიგრანტების ხარჯზე კი არ უნდა იარსებოს, ის ხალხი უნდა დავაბრუნოთ და აქ ჰქონდეთ საქმე. რეალური საშუალო ფენა თუ არ შეიქმნა და მათი რაოდენობა არ გაიზარდა, არათუ დემოგრაფიული და ეკონომიკური, პოლიტიკური კატასტროფაც გარდაუვალია. გაკოტრებული ქვეყანა, როგორც სახელმწიფო, უბრალოდ, ვერ იარსებებს. მოდით და ნახეთ რას ვმუშაობ მთელი დღე, 30 ლარს ვაკეთებთ, ხალხს ფული არ აქვს, ორი რვეული სავსე გვაქვს ნისიით, მე კიდე რომ მიყურებთ ვაჭარი არ ვარ, სამი დიპლომი მიდევს სახლში, თუმცა ახლობელი არ მყავს არავინ, რომ დამნიშნონ. აი, ესაა ჩვენი ყოვედღიურობა.“
მოსახლეობის ყოფით პრობლემებს წელს კიდევ ახალი დაემატება, ეს სასოფლო სამეურნეო ხარჯების მატებაა. 2017 წლიდან „უფასო ხვნის" პროგრამა შეწყდა, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამაზე, რომელზეც გასულ წლებში 45-50 მილიონი ლარი იხარჯებოდა, ახლა 0 თეთრია გათვალისწინებული. ფერმერების თქმით, წელს ერთი ჰექტარი მიწის დამუშავების ფასი 130-დან 250 ლარამდეა. მოსახლეობის განმარტებით, ისინი სასოფლო- სამეურნეო მიწებს გაზრდილი გადასახადების და მიწის მოვლისთვიის საჭირო მასალების გაძვირების გამო ვერ ამუშავებენ.
„მიწის დამუშავება 250 ლარამდე მიჯდება, მაგრამ ამ თანხაში არ შედის სასუქისა და შხამ-ქიმიკატების ღირებულება. 1 ჰექტარი მიწა მაქვს და წელს ხვნის ბარათით ვერ ვისარგებლებთ. ეს თანხა გაწეულ დანახარჯებს ვერ ფარავს. მიწა რომ არ დავამუშავო, მეშინია, არ ჩამომართვან. ძალიან ცუდი ვითარებაა შექმნილი, ნახეთ წელს რა მდგომარეობა იყოს, ხალხი საყანე ფართობებს ვერ დაამუშავებს და შიმშილობა მოიმატებს.“
„ხალხი ვერ ვამუშავებთ მიწას, საშუალება არ არის, საწვავი ძვირია და ვტოვებთ დაუმუშავებელს. ბევრია შემთხვევა, რომ მიატოვეს და საერთოდ აღარ თესავენ. ის პროგრა რაც იყო გააუქმეს და თავსატეხი მოემატა ხალხს“.
2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 2,9 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9 პროცენტით. გაიზარდა,სურსათი და უალკოჰოლოსასმელების ფასები გაიზარდა 4,2 %-ით. ამ ჯგუფმა საერთო ინფლაციაში 1,27 პროცენტულიწვლილი შეიტანა.უფრო მეტად, 6,2 პროცენტით, გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები დათამბაქოს პროდუქცია. ფასები 22 პროცენტზე მეტად გაიზარდა ბოსტნეულისა დაბაღჩეულის ქვეჯგუფში. გაძვირდა, ასევე, ხილი და ყურძე ნი თითქმის 9 პროცენტით; რძის,ყველისა და კვერცხის ფასმა 3 პროცენტზე მეტად მოიმატა; ამგვარადვე გაძვირდა ზეთისა დაცხიმის ქვეჯგუფი; თითქმის 3 პროცენტიანი ზრდა აღინიშნა თევზეულსა და ხორც-პროდუქტებზე.
ალკოჰოლური პროდუქტებისა და საწვავის ფასების განსაკუთრებულად შესამჩნევი ზრდა, აქციზის გაზრდილი გადასახადის დამსახურებაა. ხოლო სურსათზე (განსაკუთრებუთ ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე ხილზე) ფასების ზრდას სოფლის მეურნეობის სამინისტრო სეზონურობას უკავშირებს.
მასალის გამოყენების პირობები






