- რეკორდებსა და ამისთანებზე არც მიფიქრია და არცა ვფიქრობ, და 9 წიგნი თუ მოგროვდა, ახლა თქვენგან ვიგებ. იქნებ აჭარბებთ?
- დავითვალოთ და ერთად ვნახოთ.
- ღირს ვითომ?
- რატომაც არა. ორი ბიოგრაფიული რომანი, ერთი სოლომონ დოდაშვილზე - „მისიონერი“...
- რამდენი ხანია მაწვალებდა სოლომონ დოდაშვილის სახება, პერსონაჟად კი რამდენიმე რომანში აუცილებელი გახლდათ მისი გამოჩენა, მაგრამ ცალკე წიგნსაც თუ არ მივუძღვნიდი, ის პერსონაჟობა რა ბედენა იყო. სოლომონი სხვა მოვლენაა, სხვა სიმაღლეა და მისი ბედისწერა, გადაჯაჭვული თავისი სამშობლოს ბედთან, სრულყოფილად უნდა წარმოსახულიყო.
- და მეორე კონსტანტინე გამსახურდიაზე - „პორტრეტი ოდისევსის სიჭაბუკისა“.
- იმ რომანის დაწერას კი სიყმაწვილიდან ვოცნებობდი, 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთ მეთაურზე, მაგრამ კონსტანტინეზე ბიოგრაფიული ქრონიკა არც მიფიქრია, მითუმეტეს, სოსო სიგუას შესანიშნავი ქმნილება მოგვეპოვება ამ ჟანრისა, მაგრამ რებეკა ვაშაძესთან გაგზავნილი ბარათების გამოცემამ ცალკე წიგნად - თიურა ვაშაძისა და `არტანუჯის~ ერთობლივმა პროექტმა - თავისთავად ამიყოლია. ჯერ ვრცელ რეცენზიას ვაპირებდი, მერე ბიოგრაფიული ნატეხებივით გამოიკვეთა და მეგონა, ამ ჟანრს ვიკმარებდი, მაგრამ მღელვარე განცდებიდან რომ ამოვყვინთე, ხელთ ბიოგრაფიული რომანი შემრჩა.
- სარეკორდო დროშია შექმნილი: 9 აპრილიდან 26 მაისამდე.
- დღეს სულ რა რეკორდები გახსენდებათ.
- რა ვიცი, ეგრე კი არის და... ბიოგრაფიული ნატეხები რომ ახსენეთ, ამ ჟანრის თხზულებაც ორი გამოეცით, ერთი ვლადიმერ ჟვანიაზე - „მარტოხელა მგელი და გედის ნისლეული“...
- არ არის, არა, დასაკარგი კაცი. შესაფერისი ადგილი უკვე მიეჩინა საქართველოს იატაკქვეშა ბრძოლისა და ზნეობრივ ისტორიაში ელგუჯა თავბერიძისა და ჯემალ ფოცხვერიას წიგნების წყალობით, მაგრამ ეს თხზულებაც უნდა მიმატებოდა, რათა კვლავ და კვლავ ტრიალებდეს მისი სახელი საზოგადოებრივ ცნობიერებაში.
- და მეორე თედო რაზიკაშვილზე - „ხელთუბანი“.
- თავიდან მართლაც ასე მქონდა განზრახული, ბიოგრაფიული ნატეხების ციკლისათვის მიმემატებინა, მაგრამ არამარტო ამ თხზულებამ გადააჭარბა იმ ჟანრის ფარგლებს, საკმაო მასალა დამიგროვდა მის ძმაზეც, ნიკო რაზიკაშვილზე, ბაჩანას ფსევდონიმით რომ არის ცნობილი, თანაც ხელსაყრელი საშუალება მეძლეოდა, სწორფრობისა და წაწლობის, ერთი ხევსურეთსა და მეორე ფშავში, წეს-ჩვეულების ირგვლივაც საგანგებოდ დავფიქრებულიყავი. ასე რომ, „ხელთუბანი“ ცალკე კი გამოიცა, მაგრამ ერთი ნაწილია რომან-დილოგიისა „რაზიკაანი“.
- როდის ვარაუდობთ ამ დილოგიის მოთავებას?
- ჩვენი ხელიდან მოთავებულია უკვე, „მოკვეთილი“ დასრულებულიცაა და გამოსაცემად გამზადებულიც.
- ეს თქვენი 21-ე ბიოგრაფიული რომანი იქნება?
- არა, 22-ე, რადგან დილოგიის ნაწილებს შორის დაიწერა ამ ჟანრის თხზულება გიორგი შატბერაშვილზეც - „მარტოხე“, რომელიც ჩემს გამოსაცემ წიგნთა შორის ერთი პირველთაგანია.
- სულ მინდოდა მეთქვა და ამჯერად რაღას გადავდო. თქვენს ბიოგრაფიულ რომანებსაც სავსებით მიესადაგება გიორგი ლეონიძის ის სიტყვები, იონა მეუნარგიაზე რომ თქვა: მისი ნაწერები სპილოს ძვალზე ჭრას მაგონებს. რა საამოა მისი ბიოგრაფიების კითხვაო.
- ხომ არ აზვიადებთ?
- ასე კი ვფიქრობ და... ისე წელსაც, ეტყობა, საკმაოდ უნდა ველოდეთ თქვენს წიგნებს.
- რეკორდი აღარ მიხსენოთ.
- აღარც ვაპირებდი, ამიკრძალეთ და... ისე კი მოულოდნელი იყო თქვენგან ენათმეცნიერული ყაიდის მონოგრაფიის შექმნა - „ჟარგონი და მეტსახელი“. ჟარგონზე კი გქონდათ რეცენზია-ნარკვევი, ლევან ბრეგაძის „ქართული ჟარგონის ლექსიკონითა“ და ოთარ ჩხეიძის შემოქმედებით ლაბორატორიით შთაგონებული, მაგრამ მეტსახელი?
- აქეთაც ამავე შემოქმედებითმა ლაბორატორიამ, მამას არქივში დაცულმა მასალებმა მიბიძგა, თანაც ძალიან მომინდა ჩემი სიჭაბუკის იმ დღეების გახსენება, როდესაც ლიტერატურულ ინტერესებზე მეტად ენათმეცნიერული ინტერესები მაღელვებდა. სხვათა შორის, ამ წიგნის წარდგინებაზე თელავისა და სოხუმის უნივერსიტეტებში, გამომსვლელებმა, მათ შორის ენათმეცნიერებმაც, მას სულ ლინგვისტური რომანი უძახეს და... ამან შემაგულიანა, მართლაც ლინგვისტურ რომანად მექცია - მივამატე ტოპონიმიკურ ძიებათა ნაწილიც, კვლავაც რეცენზია-ნარკვევის სტილში, ჩემი ადრინდელი ენათმეცნიერული სტატიები და ნარკვევებიც მოვიძიე და... ორიგინალური სტრუქტურის წიგნი შედგა, აღნაგობითაც უკვე რომანის შესაფერისი.
- ლინგვისტური თუ პოსტმოდერნისტული რომანის?
- ორივე ზუსტად განსაზღვრავს მის შინაარსს. მე მაინც ლინგვისტურად მოვიხსენიებ ხოლმე, სალიტერატურო კრიტიკამ კი თუნდ პოსტმოდერნისტულ მიმართულებას დაუკავშიროს.
- „ჟარგონსა და მეტსახელზე“ მოულოდნელი რომ ვთქვი, ის მთლად სენსაციური იყო - „მზის საფეხურები“, ლექსები პროზად ანუ თქვენი ყრმობის მოგონებანი, გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხისა“ არ იყოს.
- ეს ციკლი ერთბაშად დაიწერა, ორ ბიოგრაფიულ რომანს შორის, გარეგნულად სულის მოთქმასავით გამოვიდა, თუმც ვერ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც სული მოვითქვი - მინიატრების მცირე წიგნიც, ლექსებისა არ იყოს, ისეთ სულიერ დაძაბვას მოითხოვს, შესაძლოა ამ მხრივ რომანს არც ჩამოუვარდებოდეს.
- პიესას კი ველოდით თქვენგან, ის კი არა, ცოტა კიდეც გაგვიგრძელდა ლოდინი, თუმც „ბედი-მდევარი“, მონტაჟი ორ მოქმედებად და ათ სურათად მიხეილ ჯავახიშვილისა და მისი დაუწერელი მოთხრობის ტრაგედიაზე, ამ ლოდინად ნამდვილად ღირდა.
- ძალიან აწვალებდა მწერალს ეს თემა - მისი პერსონაჟები იკრიბებოდნენ და ასამართლებდნენ, ერთხელ ფიქრობდა ინტენსიურად და... ჩამოეხსნებოდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ჩაუღრმავდებოდა, მაგრამ... რაღაც აფერხებდა და სულ იქით და იქით სდებდა, ვიდრე მართლაც მისი პერსონაჟები გაასამართლებდნენ...
- როგორც მინაწერში აღნიშნავთ, თქვენც კარგა ხანს გაფერხებდათ რაღაც და... თითქოს მეორე სუნთქვა გაგეხსნათ, გორის დრამატულ თეატრში სოსო ნემსაძემ თქვენი პიესა რომ დადგა იაკობ გოგებაშვილზე - „იის სურნელი თოვლში“, და მთავარი როლის შემსრულებელი სოსო მგალობლიშვილი გარეგნულად ძალიან წააგავდა მიხეილ ჯავახიშვილს. ისეთი შეგრძნება გაგიჩნდათ, რომ ამ ახალ პიესის განხორციელებისას სცენაზე მთავარი როლის შემსრულებელი საძებარი აღარ იქნებოდა.
- ასე იყო, სოსო მგალობლიშვილის ნახვამაც მიბიძგა `ბედი-მდევარის~ შესაქმნელად და საერთოდ იმ წარმატებულმა სპექტაკლმაც, სოსო ნემსაძემ ზუსტად რომ მოარგო გასაღები პიესას და იაკობ გოგებაშვილი ამიტომაც აიზიდა მონუმენტურ სიმაღლეზე. თან პოლიტიკური თეატრის დასამკვიდრებლად კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა.
- ორიგინალური წიგნების გარდა თარგმნილი ნიმუშებიც გამოჩნდა შარშან: თქვენი და პაატა ჩხეიძის ერთობლივი ნამოღვაწარი. ერთია ლორდ ბაირონის „დონ ჟუანი“ პროზად, არა XIX საუკუნის ეპოსად, არამედ თანამედროვე რომანად...
- ის გზა გავაგრძელეთ, „ვისრამიანის“ უცნობი მთარგმნელისა და ჰომეროსის „ოდისეას“ ამამეტყველებელთა ქართულ ენაზე, ჩვენთვის ძვირფას პიროვნებათა: ზურაბ კიკნაძისა და თამაზ ჩხენკელის.
- არამარტო გააგრძელეთ, არამედ თქვენი „დონ ჟუანიც“ უდავოდ ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების იშვიათ მიღწევათა შორისაა საგულვებელი.
- ნუ ვიჩქარებთ ამგვარ შეფასებას. თუკი მართლაც ასეა, არც დაიკარგება. ისე ამგვარ ნამუშევრებზე ითქმის ხოლმე: მთელი ცხოვრება და კიდევ რამდენიმე წელი მოვანდომეთო.
- კიდეც გაგიმართლათ და რაღა გინდათ მეტი!.. ისევე, როგორც უდავოდ წარმატებული ნიმუშია თქვენს მიერ ქართულად ამეტყველებული ჯოზეფ კონრადის სამი მოთხრობის კრებული: „პრინცი რომანი“, „დუელი“ და განსაკუთრებით მაინც „წყვდიადის გული“, წიგნის საერთო სახელწოდებადაც რომ გამოგიტანიათ სათაური ამ შედევრისა, ბევრი რამ რომ განსაზღვრა მოდერნისტული ნაკადის დასაძრავად დასავლურ მხატვრულ აზროვნებაში და მისი შარავანდი დღესაც წვდება ბელეტრისტთა ძიებებს, თორემ მკითხველთა წრეებში ხომ განსაკუთრებითაა მოწონებული და მხატვრულ მიღწევებს შორის აქვს მიჩენილი ადგილი.
- თითქოს მალე გადმოვიღეთ ეს შედევრიც და „დუელიც“ ქართულად, „პრინცი რომანის“ ადრინდელი თარგმანიც რომ მივუმატეთ კრებულისათვის, მაგრამ ძალისხმევა კი დიდი დასჭირდა მასაც, რათა ჯოზეფ კონრადის უჩვეულო ექსპრესიაც შეგვენარჩუნებინა და, „დონ ჟუანისა“ არ იყოს, მკითხველს ისეთი შთაბეჭდილება დარჩენოდა, თითქოს ინგლისელ მწერალს ქართულად დაეწეროს.
- სწორედ ეს განცდა მეუფლება, თქვენს ერთობლივ თარგმანებს რომ ვეცნობი ხოლმე, და ამჯერადაც დარწმუნებული ვარ, რომ... ლორდ ბაირონიც და ჯოზეფ კონრადიც ქართველი მწერლები არიან.
- ამასობაში მგონი ამოვწურეთ კიდეც ჩემი შარშანდელი ლიტერატურული მოსავალი და... მართლაც 9 წიგნი აღმოჩნდა.
- თანაც როგორი მრავალფეროვანია ამ წიგნების შინაარსი. და წელს კი რას აპირებთ?
- ძალიან გთხოვთ, რეკორდის განმეორებასა და გაუმჯობესებაზე არ ჩამომიგდოთ სიტყვა.
- რაღას ჩამოგიგდებთ. ისე კი... რამდენიმე წიგნი უკვე დგას რიგში, არა?
- გვეჩქარება სადმე?
- ნელა გვეჩქარება, რატომაც არა, ძველი რომაელებისა არ იყოს, კარლო ფაჩულიას რომ უყვარს ამ შეგონების გამეორება.
- ნელა კი მართლაც უნდა გვეჩქარებოდეს, თორემ მოსასწრები იმდენია, როგორ გინდა აუხვიდე.
- მერმის ამ დროს ერთი ასეთი საუბარი კიდევ ხომ არ გაგვემართა? ჩავათვალიერებდით თქვენი ბიბლიოთეკის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალ შენამატებს.
- ხვალე იკითხავს ხვალისას, დღეისა კი დღევანდელს ვაკითხოთ.
წყარო: „საქართველოს რესპუბლიკა“
მასალის გამოყენების პირობები