მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ჰოლივუდის ვარსკვლავს 15 მარტს, ჟენევაში შეხვდება.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დიდ დარბაზში ადამიანთა უფლებების უდიდესი დამცველის – სერხიო ვიეირა დე მელოს ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ანჯელინა ჯოლი ამ ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგება. ცნობილი ქართველი პიანისტი კი ბახის, შოპენის, სონის და პროკოფიევის ნაწარმოებებს შეასრულებს.
ელისო ბოლქვაძე: „ღონისძიებამდე ოფიციალური მიღებაა დაგეგმილი, შემდეგ ვახშამი. ანჯელინა ჯოლისთან ურთიერთობა საამაყოა ჩემთვის. მსოფლიო ვარსკვლავი და ცნობილი მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადამიანთა უფლებების დაცვის თემებზე. ის არის ადამიანი, რომელიც ბევრ სიკეთეს აკეთებს. ძალიან მსურს საქართველოში დავპატიჟო, ბათუმის მუსიკალურ ფსტივალზე, რომელიც სექტემბერში გაიმართება.“
საღამოს BBC-ის ცნობილი ჟურნალისტი ლიზ დუსეტი (Lise Doucet) წაიყვანს.
აღსანიშნავია, რომ ელისო ბოლქვაძე არის ერთადერთი ქართველი არტისტი, რომელიც ფლობს ‘’იუნესკოს მშვიდობის არტისტის’’ საპატიო ტიტულს. მას ეს წოდება გადაეცა პარიზში 2015 წლის 22 იანვარს, იუნესკოს გენერალური დირექტორის, ქ-ნი ირინა ბოკოვას მიერ, საქველმოქმედო საქმიანობისათვის, კერძოდ ფონდ ‘’ლირას’’ დაარსებისათვის, რომელიც მან 2013 წელს დაარსა ქართველი ახალგაზრდა პიანისტების დასახმარებლად.
მასალის გამოყენების პირობები