“მას შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დასრულდა მტკვრის გაწმენდითი სამუშაოები, დავიწყეთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დიდუბიდან გლდანის მიმართულებით, რაც გულისხმობს ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების ამოღებას, პარალელურად მიმდინარეობს ხეების გასხვლა და სხვა ტიპის სამუშაოები. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მტკვარზე რეკრეაციული სივრცე და მეორეს მხრივ, იყოს ვიზუალურად საინტერესო და მიმზიდველი, როგორც ტურისტებისთვის, ასევე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ამით ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმე კეთდება ჩვენი ქალაქისათვის,”- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მტკვრის მასშტაბური გაწმენდა პერმანენტული ხასიათისაა და ჯამში, დაახლოებით, 10 კმ-იანი მონაკვეთი დასუფთავდება. ამ დროისათვის, თითქმის, სრულად გაწმენდილია მონაკვეთი - ორთაჭალის ჰესიდან „ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარე ტერიტორიამდე. შესაბამისი ღონისძიებების მიმდინარეობისას, დაცულია უსაფრთხოების ყველა ზომა.
აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს მდინარე მტკვრის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რაც ქალაქის ეკოლოგიაზეც დადებითად აისახება.
მასალის გამოყენების პირობები






