ყველაფერი მძღოლების დაჯარიმებას მოჰყვა. როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ ისინი მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს და წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას.
ცნობილია, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა სულ 5 პირი დააკავეს. როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
უწყების ცნობით "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი პირი დააკავეს.
ბოლო ინფორმაციით, „ბათუმი-პლაზასთან“ ქუჩა გადაკეტილია. დაკავებულთა მხარდასაჭერად ადგილზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.
მოსახლეობა აცხადებს, რომ „საპატრულო პოლიცია მოქალაქეებზე ძალადობს, ცდილობენ დააკავონ ადამიანები და დააჯარიმონ“.
რაც შეეხება დღეს მომხდარ დაკავებას, აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, „ერთ-ერთმა დაკავებულმა დღეს შვილი დაკრძალა უკანა გზაზე მეუღლე შეუძლოდ გახდა. აფთიაქთან გააჩერა პოლიციამ კი მას 200- ლარიანი ჯარიმა დაუწერა, საბოლოო ჯამში კი დააკავა კიდეც.
მოსახლეობა პროტესტს გამოხატავს ქალაქის საპატრულო პოლიციის უფროსის მალხაზ ბათიაშვილის და პოლიცის თანამშრომლის ლევან ქებაძის მიმართ.
მოსახლეობა მათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება.
მასალის გამოყენების პირობები






