მალე, 6 ქართველი მხატვარი ნიუ იორკის საგამოფენო სივრცეში და კიდევ ერთი გამოფენა, ამჯერად ნიუ იორკის ცნობილ კომერციულ ფესტივალზე ...
ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია Madatart (მედეთარტს) ჩვენი მკითხველი უკვე კარგად იცნობს. კომპანიის დამფუძნებელი და პროექტების კურატორი, ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენიაა, რომელიც უკვე მეორე წელია აქტიურად იბრძვის იმისთვის, რომ ქართულ ხელოვნებას ამერიკულ ბაზარზე კარები ფართოდ გაუღოს.
კომპანიის ინიციატივით. გასულ წელს ექვსი გამოფენა ჩატარდა და ორმოცდაათზე მეტი მხატვარი წარსდგა ნიუ იორკში. გამოფენებმა წარმატებით ჩაიარა და დიდი ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც Madatart გეგმავს, პროექტები 2017 წელსაც გააგრძელოს.
როგორც მარიტა დამენიამ ნიუპოსტს განუცხადა; აპრილში კომპანია, ნიუ იორკის ცნობილ კომერციულ ფესტივალზე არტექსპოზე ექვსი ქართველი მხატვრით წარდგება;
-ნანა გაგოშიძე, ეკა მერაბიშვილი, ლაშა ბერაია, ცირა ახობაძე, თათია კობრეშვილი, და თიკო ბახტაძე. ასეთი იქნება ჩვენი შემადგენლობა არტექსპოსთვის. არტექსპო კომერციული ფესტივალია, რომელსაც რამდენიმე ათეული ათასი დამთვალიერებელი ჰყავს და ნიუ იორკში ყოველი წლის გაზაფხულზე იმართება.
Madatart ქართველ მხატვრებთან ერთად პირველად წარსდგება ფესტივალზე. ველოდებით რომ კარგი გაყიდვები იქნება და საინტერესო კონტაქტების დამყარებას შევძლებთ, მომავალი პროექტებისთვის. შემოდგომაზე ალბათ სხვა ფესტივალებსაც მოვსინჯავთ.
- კიდევ რა პროექტებს გეგმავთ 2017 წელს?
- პრინციპში ჩვენი უკვე მთელი წელი დაგეგმილი მაქვს, უბრალოდ ახლა ყველაფერზე ვერ ვისაუბრებ. გაგაცნობთ მხოლოდ უახლოეს გეგმებს. 2017 წლის 23 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, გამოფენა გაიმართება Jadite Galleries ში. ეს არის ჯგუფური გამოფენა რომლებზეც აპლიკაციების მიღება უკვე დაწყებული გვაქვს და აპრილის ბოლომდე ჯგუფი შეივსება. მსურველებს შეუძლიათ სოციალური ქსელის მეშვეობით დაგვიკავშირდნენ https://www.facebook.com/Madatart-864438133679029/ ან ბიოგრაფია და ნამუშევრების ფოტოები გამოგვიგზავნონ შემდეგ მისამართებზე dameniaart@gmail.com ან marita@madatart.com და დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას გამოფენაში მონაწილეობის პირობების შესახებ.
ასევე იგეგმება რამოდენიმე სოლო გამოფენაც. მათ შორის ივლისში Madatart ის არტისტის, ცირა ახობაძის სოლო გამოფენა ჩელსის პრესტიჟულ გალერი დისტრიქტში მდებარე Phoenix Gallery ში. ცირა ემიგრანტი მხატვარია, ის ძირითადად აკვარელზე მუშაობს და ძალიან კარგ ნამუშევრებს ქმნის. 2016 წელს ცირას ნამუშევრები უკვე გამოიფინა ნიუ იორკის რამოდენიმე პრესტიჟულ გამოფენაზე და სოლო პროექტიდან კიდევ უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. ზოგადად Madatart მუდმივი სიახლეების რეჟიმში იმყოფება და მზად არის ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას ხელი ძველებურად შეუწყოს.
მასალის გამოყენების პირობები