გაბეჩავას ოჯახმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ფანჯრები ჩაამსხვრია.
8 წლის მოზარდის მშობლები შვილის მკვლელობაში მათივე მეზობელს ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, ბიჭი ჯერ მოკლეს, შემდეგ კი მდინარე ტეხურში გადააგდეს.
ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს. მათ ზუგდიდი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.
ტეხურაში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ღონისძიებაში ჩართულია როგორც სამძებრო-სამაშველო სამსახური, ისე სამხარეო პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლება.
როგორც ირკვევა, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება. როგორც "ნიუპოსტს" მეზობლებმა განუცხადეს, გაბეჩავები საერთო საცხოვრებელში ქირით 5 თვის წინ გადმოვიდნენ. 8 წლის მოზარდი 30 წლამდე დაკავებულს ემეგობრებოდა, ისინი ხშირად ერთად აგროვებდნენ ჯართს.
მეზობლები აღნიშნავენ, რომ დაკავებული ბოლო პერიოდში უცნაური ქცევით გამოირჩეოდა.
"სახლიდან გარეთ არ გამოდიოდა, მისი ქცევა საეჭვოდ ეჩვენათ მეზობლებს და საპატრულო პოლიციას შეატყობინეს. როგორც ვიცი, გამოძიებას აქვს ვიდეო-მასალა, რომელიც გარე კამერებმა დააფიქსირეს, სადაც ჩანს თუ როგორ გადაადგილდება დაკარგული ამ ბიჭთან ერთად"- აცხადებს მეზობელი.
მისი თქმით, დაკავებულმა რამდენიმე წლის წინ საკუთარი სახლი დაწვა. ახალგაზრდა მამაკაცი ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამედიცინო აღრიცხვაზეც იმყოფებოდა.
როგორც "ნიუპოსტს" შსს-ში განუცხადეს, არსებული ინფორმაციით, ბიჭი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა.
უწყების ცნობით, დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის აუცილებელი და გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, 30 წლამდე მამაკაცი გუშინ დააკავეს. დაკითხვისას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირმა 2 ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება მისცა: პირველი ჩვენების მიხედვით, გაბეჩავების მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი მდინარეში მას შემდეგ ჩააგდო, რაც მოზარდთან კონფლიქტი მოუვიდა. რამდენიმე საათში აღნიშნულმა პირმა, ჩვენება შეცვალა და სამართალდამცავებს მოუყვა, რომ ნიკა გაბეჩავას, რომელიც მდინარესთან ჯართს აგროვებდა, ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. დაკარგულის მეზობელი ამავე ჩვენებაში აცხადებს, რომ მას შეეშინდა და სახლში გამოიქცა.
8 წლის ბიჭი მიმდინარე წლის 24 თებერვალს გაუჩინარდა. ბავშვის მამის, ერეკლე გაბეჩავას თქმით, მის შვილს გულის მანკი აქვს. ოჯახი სოციალურად დაუცველია, რის გამოც ბავშვს ხშირად უწევდა ჯართის შეგროვება. ისინი საერთო საცხოვრებელის სარდაფში, ქირით ცხოვრობენ.
მასალის გამოყენების პირობები






