შეხვედრაზე განიხილეს წინა წლებში რთველის მიმდინარეობისას არსებული პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა 2013 წლის რთველის სწორად დაგეგმვასა და წარმართვაზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გასულ წლებში რთველის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან უხეში ჩარევა ხდებოდა, რაც არასწორი იყო და აღარ უნდა განმეორდეს.
,,ქართული ღვინის ასოციაციის წევრებთან ერთად განვიხილეთ მიმდინარე წლის რთველის საორგანიზაციო საკითხები. მოვისმინეთ პრობლემები და ვისაუბრეთ მათი დარეგულირების გზებზე, ისე, რომ გათვალისწინებული და დაცული იყოს როგორც გლეხების, ასევე ღვინის კომპანიების ინტერესები. რთველის დაწყებამდე არც ისე დიდი დრო რჩება და დადებითი შედეგების მიღებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობა", – განაცხადა შალვა ფიფიამ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ რთველის დაწყებამდე აღნიშნული ფორმატის შეხვედრები სისტემატურად გაიმართება, რათა სამინისტროს ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია არსებული პრობლემების შესახებ და დროულად მოხდეს სწორი ნაბიჯების გადადგმა რთველის ეფექტურად ჩატარებისთვის.
სამინისტროსა და ასოციაციის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ისაუბრეს როგორც მეღვინეობა–მევენახეობის დარგში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პროექტებზე, ასევე ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების და ექსპორტის გაზრდის საკითხებზე.
მასალის გამოყენების პირობები






