დღეს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ხელმძღვანელმა, დავით კიკნაძემ და პროექტის ფარგლებში მოქმედი მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ლევან მერებაშვილ მა ზუგდიდის სასოფლო-სამეურნეო მაღაზიები დაათვალიერეს.
,,მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში მოსახლეობას დაურიგდა კომბინირებული და ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები. ნომინალური ბარათი ფერმერებს საშუალებას აძლევს სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებში შეიძინონ ნებისმიერი სახის სასოფლო - სამეურნეო ინვენტარი და საქონელი. ბარათების განაღდებისას ხარვეზების თავიდან აცილების, ასევე დარღვევების აღმოჩენის მიზნით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში შექმნილი მონიტორინგის 15 სპეციალური ჯგუფი, საქართველოს მასშტაბით არსებულ სასოფლო-სამეურნეო მაღაზიებს ყოველდღიურად ამოწმებს.
,,მაღაზიების მონიტორინგი მომავალშიც სისტემატიურად გაგრძელდება, რათა ფერმერებმა პრობლემების გარეშე, შეძლონ საბაზრო ღირებულებით შეიძინონ ყველა ის საჭირო ინვენტარი და საქონელი, რომელიც სასოფლო სამეურნეო სამუშაოებისთვის დასჭირდებათ", - განაცხადა დავით კიკნაძემ.
დღეის მდგომარეობით, მონიტორინგის ჯგუფების მიერ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო ინვენტარზე ფასების ხელოვნურად გაზრდის გამო, ქვეყნის მასშტაბით 129 მაღაზია 500 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. დარღვევების აღმოჩენის გამო სამეგრელოს რეგიონში დაჯარიმებულია 7 სასოფლო-სამეურნეო მაღაზია.
მასალის გამოყენების პირობები






