თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, უნივერსიტეტში კარგი ტრადიცია აღდგა - ყოველ წელს წარმატებული უნივერსიტეტელი კითხულობს „პირველ საჯარო ლექციას“. „წელს ლექციას წაიკითხა სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ. საჯარო ლექცია ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, განთავსდება ინტერნეტსივრცეში და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მისი ნახვა; ასევე, ეს ლექცია ტრადიციულად დაიბეჭდება და წიგნის სახით გამოვა. მომავალი წლისთვის გამოვცემთ ყველა წაკითხული ლექციის სრულ კრებულს“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ვიყო პირველი საჯარო ლექციის მომხსენებელი იქ, სადაც შეიქმნა, სადაც ვითარდება მეცნიერება. დღევანდელ მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ქართველი მეცნიერების უახლესი მიღწევები ადამიანის ევოლუციის სფეროში. ეს გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამედროვე აღმოჩენები, რომლითაც საქართველო იკავებს ძალიან მნიშვნელოვან ადგილს მსოფლიო სამეცნიერო პროცესში,“ - აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული დავით ლორთქიფანიძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და ა.შ.შ. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრია. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს ეროვნულ მუზეუმს დღიდან მისი დაარსებისა (2004 წ.). მისი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია ჰომინიდების ევოლუციისა და ბუნებრივი გარემოს ისტორიის შესწავლასთან. გამოქვეყნებული აქვს 140-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, მათ შორის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში Science Magzain, Nature, PNAS. დავით ლორთქიფანიძე დაჯილდოვებულია მრავალი ორდენითა და პრემიით, მათ შორის საქართველოს, გერმანიის და საფრანგეთის სახელმწიფო ჯილდოებით, არის როლექსისა და ჰუმბოლდტის პრემიის ლაურეატი და სხვა.
საჯარო ლექციის შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ დავით ლორთქიფანიძე თბილისის უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა.
„წლის პირველი საჯარო ლექცია“ ყოველწლიურად ტარდება. 1918 წელს, 12 თებერვალს (ძველი სტილით 30 იანვარს) წაიკითხა ივანე ჯავახიშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პირველი ლექცია “ადამიანის პიროვნება და მისი მნიშვნელობა ძველ ქართულ საისტორიო-საფილოსოფო მწერლობასა და ცხოვრებაში“ (ადამიანი ძველ ქართულ მწერლობასა და ცხოვრებაში). „წლის პირველი საჯარო ლექციის“ ფარგლებში პირველი საჯარო ლექცია „ჩვენი სახელმწიფო“ 2015 წლის 12 თებერვალს წაიკითხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა; 2016 წელს თსუ ემერიტუს პროფესორმა, აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ წაიკითხა საჯარო ლექცია „რამ გადაგვარჩინა?“.
მასალის გამოყენების პირობები