„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს „მოამბეს“ ჟურნალისტი ლაშა მესხი სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მესხი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, „მოამბეს“ 13 თანამშრომელს ხელმძღვანელობამ თებერვლის თვიდან ერთ თვიანი კონტრაქტი გაუფორმა. ჟურნალისტის განცხადებით, აღნიშნული შრომის კოდექსის უგულვებელყოფითა და კანონდარღვევით განხორციელდა:
„ფარსია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოსდა მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ საფრთხის ქვეშ არ არის. მე როგორც „მოამბის“ კორესპოდენტი და საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ვაცხადებ, რომ ცვლილებები შესაძლოა, სწორედ „მოამბიდან“ მიმდინარე თვის ბოლოს დაიწყოს.
თებერვლის თვიდან გადაცემის 13 თანამშრომელს, მათ შორის მეც შრომის კოდექსის სრული უგულებელყოფითა და კანონდარღვევით გაგვიფორმდა 1 თვიანი შრომითი კონტრაქტები. გარდა იმისა, რომ ეს თანამშრომლების სტრესულ ვითარებაში ჩაგდება და სრული უპატივცემულობაა, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ აღნიშნული შტატები სპეციალურად იწმინდება...
რეორგანიზაციის და წინა მენეჯმენტის ავკარგიანობის შეწავლის აუცილებლობა, რომ დგას ტელევიზიაში მე ამაზე გასული წლის მაისის შემდეგ ვსაუბრობ, თუმცა ჩემი ღრმა რწმენით რეორგანიზაცია ქვემოდან ზემოთ კი არ უნდა დაწყებულიყო, არამედ იმათგან ვის გამოც არის ის კრიზისული ვითარება, რომელიც სავსებით თვალსაჩინოდ ასახა ვასილ მაღლაფერიძემ გუშინდელ პრესკონფერენციაზე.
ერთადერთი რისი იმედიც ჩვენ გვაქვს არის რეალური სამოქალაქო საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენზე „ზემოდან ვერავინ დარეკავს“...
ასე, რომ მეგობრებო, დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
თუ სხვა გადაცემების „დახურვა“ ან „შეჩერება“ შეიძლება დროში გაიწელოს ჩვენ საფრთხის წინაშე ვართ დღეს!
დიახ „მოამბე“ საფრთხეშია და დიახ მაუწყებელში კვლავ იდევნება განსხვავებული აზრი!“,- წერს ლაშა მესხი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






