საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მდივნის, დავით ასათიანის განცხადებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობა აქვს საფრანგეთის საადვოკატო გაერთიანებასთან - პარიზის ბართან. ქართველმა ადვოკატებმა, პარიზში ვიზიტის დროს, ფრანგულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის პროექტიც დანერგეს, რომლის თანახმადაც, ქართველი ადვოკატები საფრანგეთში უფასო სტაჟირებას გაივლიან.
“პარიზის ბარსა და საქართველოს ადვოკატთა ასიციაციას შორის დაინერგება მჭიდრო თანამშრომლობის პროექტი. ახალგაზრდა ადვოკატებს, ვინც ფლობს ფრანგულს, შესაძლებლობა მიეცემათ რამდენიმეთვიანი, უფასო სტაჟირება გაიარონ ადვოკატთა ბარის წარმომადგენლობაში. ასე რომ, 2017 წელს, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ქართველ ადვოკატებს, რომლებიც ფლობენ ფრანგულ ენას უმასპინძლებს პარიზის ბარი. ჩვენ მიერ წარგზავნილები გაეცნობიან მათ მუშაობას და მათთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზოგიერთი საქმის განხილვაში“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
მისივე თქმით, ფრანგი ადვოკატები საქართველოსაც ესტუმრნენ და იმ ქართველ ადვოკატებს შეხვდნენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს საადვოკატო საქმიანობაში გარკვეულ წნეხს განიცდიდნენ.
“წინა ხელისუფლების პერიოდში ბევრი ადვოკატი იყო დაპატიმრებული, ბევრსაც ჩამორთმეული ჰქონდა უფლებები და სრულფასოვნად ვერ ახორციელებდა თავის უფლებამოსილებას. ფრანგი ადვოკატები შეხვდნენ მათ და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს. წინა ხელისუფლების პერიოდში ქართველ ადვოკატებზე ძალადობის, ზეწოლის, დაკავების ფაქტები შეფასდა, როგორც დაუშვებელ, მიუღებელ და გაუგონარ ქმედებად, ადვოკატის პროფესია კი რისკის სფეროდ. ასე რომ, ამ მიმართულებით საქმიანობა გრძელდება, მხოლოდდამხოლოდ, იმისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდეს და ადვოკატი უკანონოდ ციხეში აღარ აღმოჩნდეს“,- აღნიშნავს დავით ასათიანი.
მასალის გამოყენების პირობები






