დევნილების თქმით, ყოფილი ხელისუფლების პირობებში მათ ტექნიკური უნივერსიტეტის ის საერთო საცხოვრებელი, ისე დაუკანონეს რომ შენობაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებიათ.
დევნილების მთავარი პრობლემა სივიწროვე და საერთო სველი წერტილებია.
ერთ-ერთი დევნილის გოჩა გვარამია ამბობს, რომ ძირითადი საცხოვრებელი ფართი 10-12 კვ.მეტრია და უმეტეს შემთხვევაში ამ ფართში 5-6 სული ცხოვრობს.
"როგორ შეიძლება ეს საცხოვრებელ ფართად ჩაითვალოს, როცა საძინებელი, სამზარეულოც და ჰიგიენური ტერიტორიაც ერთ, 12 კვადრატულ ფართშია მოქცეული და იქ ერთი კი არა რამდენიმე სული ცხოვრობს"- აცხადებს დევნილი.
გვარამიას თქმით, თავის დროზე ისინი მცირე ფართს მხოლოდ იმიტომ დათანხმდნენ, რომ სხვა შეთავაზება არ ჰქონდათ.
დევნილების განცხადებით, ვინაიდან აღნიშნული ფართები წლების წინ დაუკანონეს, ისინი დღეს მოქმედ პროგრამაში ვეღარ ერთვებიან.
დევნილები სუბარის უწყებას მიმართავენ, რომ იოსებიძის ქუჩაზე არსებული შენობა ინვესტორს შესთავაზოს.
"ყველაზე მეტად დაჩაგრული დევნილების ის კატეგორია, რომლებიც ვინც კომპაქტურ ჩასახლებებში ცხოვრობს და რომლებსაც პირველი ტალღის დროს საცხოვრებელი ფართები დაუკანონეს. მაშინ დევნილებმა სულ არაფრის ქონას რაღაცის ქონა არჩიეს და დაკანონების ამ ფორმას დათანხმდნენ"- აცხადებს გვარამია.
იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების თქმით, რადგან დაახლოებით 8 000 დევნილმა ოჯახმა წლების წინ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ფართების დაკანონებას მოაწერა ხელი ისინი დევნილების განსახლების მოქმედი პროგრამის მიღმა აღმოჩნდნენ. პირობები კი რომელიც მსგავს დასახლებებშია დევნილების თქმით, დისკრიმინაციულია.
დევნილების პრობლემას იცნობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად სასამართლოს გზას სთავაზობენ.
სპეციალისტების თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს რა ვითარებაში მოხდა ფართების დაკანონება და ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს უნდა გადაეცეს თუ არა დევნილს ალტერნატიული საცხოვრებელი ადგილი.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავაც დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს.
"ვისაც 2013 წლამდე მისცეს ფართები ისინი პრაქტიკულად დისკრიმინაციის ქვეშ აღმოჩნდნენ. საუბარია ათი ათასობით დევნილ ოჯახზე"- აცხადებს მილორავა.
როგორც დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია აცხადებს, იმ დევნილებს რომელთაც ფართები უკვე გადაეცათ სხვა ფართი ვერ გადეცემათ რადგან კანონით ეს აკრძალულია.
„მათი სურვილის შესაბამისად იყო ეს დაკანონებული თუ უარს განაცხადებდა ოჯახი შეეძლო რიგში დამდგარიყო და მიეღო ახალი ბინა და ვინც თავისი სურვილით საკუთრებაში მიიღო ბინა ბუნებრივია მეტჯერ ვეღარ დაკმაყოფილდებიან“- განაცხადა აბლოთიამ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 274 000 დევნილიდან საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 14 000 დევნილ ოჯახს გადაეცა, 55% -ს კი საცხოვრებელი ფართი ფაქტობრივად არ აქვს.
მასალის გამოყენების პირობები






