„მაგთიკომმა“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ნომერი გაუყიდა. ვიცე-პრემიერმა კი კომპანიას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.
კალაძე კომპანიის მიერ სააბონენტო ნომრის ჩამორთმევასა და სხვა პირზე გასხვისებას აპროტესტებს.
მინისტრი კომუნიკაციების კომისიას თხოვს დაავალოს შპს ,,მაგთიკომს“, დაუბრუნოს მისთვის უკანონოდ ჩამორთმეული სააბონენტო ნომერი.
კომუნიკაციის კომისიაში შესული განცხადების თანახმად, "2013 წლის 4 ივნისიდან 2016 წლის 6 სექტემბრამდე, შპს ,,მაგთიკომის“ მიერ გაცემული სააბონენტო ნომერი - 59944XXXX ირიცხებოდა კ. კალაძის სახელზე. ვინაიდან, კ.კალაძე ამ დროს იკავებდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას, კორპორატიული მომსახურების მიღების მიზნით, 2013 წლის 7 მაისს, ხსენებული სააბონენტო ნომერი გაფორმდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ბალანსზე, ხოლო ამავე სამინისტროს 2013 წლის 13 მაისის №06/2421 წერილის საფუძველზე სააბონენტო ნომერი გადაფორმდა ფიზიკურ პირზე, კ. კალაძეზე.
განცხადების თანახმად, 2016 წლის 6 სექტემბერს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაუკავშირდნენ შპს „მაგთიკომიდან“ და აცნობეს, რომ კ. კალაძის სახელზე რეგისტრირებული სააბონენტო ნომერი - 59944XXXX იყიდებოდა, რაც დაუყოვნებლივ ეცნობა კ.კალაძეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კ.კალაძის მოთხოვნა, აღნიშნული სააბონენტო ნომერი არ გაყიდულიყო და მისთვის დაემზადებინათ ახალი სიმ ბარათი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელმა, შპს ,,მაგთიკომიდან“ განხორციელებული ზარიდან დაახლოებით ერთ საათში, აცნობა შპს „მაგთიკომს“, სადაც პასუხად უთხრეს, რომ კ.კალაძის სააბონენტო ნომერი უკვე გაყიდული იყო. გაყიდვის მიზეზად, შპს „მაგთიკომის“ წარმომადგენელმა დაასახელა ხელშეკრულების პირობები, რომლის თანახმად, სააბონენტო ნომერი იყიდებოდა 6 თვის გათიშვის/უმოქმედობის შემთხვევაში".
ამასთან, როგორც ენერგეტიკის მინისტრის წარმომადგენლები წერილში აცხადებენ, კახა კალაძემ განცხადებით მიმართა "მაგთიკომს" სააბონენტო ნომერი არ გაყიდულიყო და მისთვის დაემზადებინათ ახალი სიმ ბარათი, თუმცა კომპანიაში ენერგეტიკის სამინისტროს თანამშრომელს უთხრეს, რომ კალაძის სააბონენტო ნომერი უკვე გაყიდული იყო.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებ-გვერდზი გამოქვეყნებულ განცხადებაში "მაგთიკომის" განმარტებაცაა.
შპს ,,მაგთიკომი“ თავის წერილში განმარტავს: "საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წერილში და არც კ.კალაძის განცხადებაში არ ფიქსირდებოდა მოთხოვნა ნომრისთვის განსხვავებული სატარიფო გეგმის (საკრედიტო სისტემა, VIP - სტატუსი, კორპორაციული მომსახურება) მინიჭების შესახებ, ამიტომ, სააბონენტო ნომერი 59944XXXX ჩართულ იქნა წინასწარი გადახდის სისტემაზე. შესაბამისად, აღნიშნულ ნომერზე კ.კალაძე VIP - მომსახურებით არ სარგებლობდა. მობილური სატელეფონო მომსახურების მიწოდების ხელშეკრულების გადმოცემასთან დაკავშირებით, კომპანიამ განმარტა, რომ ხელშეკრულების ნახვა შესაძლებელი იყო შპს ,,მაგთიკომის“ საინფორმაციო გვერდზე".
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, "წინასწარი გადახდის (მონო+) სისტემის ნომრის გაუქმება ხორციელდება ბოლო გადახდიდან ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 + 90 = 150 დღის შემდეგ და არ არის დამოკიდებული ნომრის ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობაზე (ხელშეკრულება მობილური სატელეფონო მომსახურების შესახებ. პუნქტი 4.5.). ამასთან, შპს ,,მაგთიკომის“ შიდა ინსტრუქციის თანახმად, ფასიანი ნომრები მომსახურების შეწყვეტის შემდეგ ინახება 30 დღის განმავლობაში. ამიტომ, ნომრის გასხვისება არ მოხდა გაუქმებისთანავე".
მასალის გამოყენების პირობები






