ნანა ექვთიმიშვილის ფილმის - „ჩემი ბედნიერი ოჯახის“ შესახებ დასავლური მედიაც წერს.
ფილმის პრემიერა სანდენსის(Sundance) კინოფესტივალზე შედგა.
"ჩვენ უკვე ვნახეთ 2017 წლის საუკეთესო ფილმი" - ან სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Villagevoice და წერს, რომ „ჩემი ბედნიერი ოჯახი არა მხოლოდ სანდენსის საუკეთესო ფილმია, არამედ წლის საუკეთესო ფილმია.“
ფილმის სიუჟეტი თბილისური ოჯახის გარშემო ვითარდება, სადაც სამი თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობს. მოვლენების ცენტრში 52 წლის ქალი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მანანა მხეიძეა, რომლის როლსაც მსახიობი ია შუღლიაშვილი ასრულებს. მანანა ერთ დღეს საკუთარი ცხოვრების შეცვლას მოინდომებს, ქმარ-შვილების, დედ-მამის მიტოვებას გადაწყვეტს.
ფილმში მანანას ქმრის როლს მსახიობი მერაბ ნინიძე ასრულებს.
„ჩემი ბედნიერი ოჯახი მხოლოდ ერთი ქალის გათავისუფლების ისტორია არ არის. ნანამ და სიმონმა შესაშურად მოახერხეს გადმოეცათ მანანას გადაწყვეტილების წინაპირობა დეტალებში. მისი ქმარი და შვილები შესაძლოა შოკირებულები არიან მანანას გადაწყვეტილებით, მაგრამ მოულოდნელად მის გაგებასაც ახერხებენ.
მიუხედავად ახალი ცხოვრებისა, მანანა კვლავ რჩება დედად, შვილად და რაღაც დონეზე ცოლად.
ეს არის ფილმი, რომლისგანაც უფრო მეტს სწავლობ. დამცავი იმპულსები საფრთხედ გარდაიქმნება, გულისტკივილისგან ახალი შესაძლებლობები იბადება. ეს ყველაფერი გრძელდება მანამ, სანამ ხვდები, რომ ფილმი, რომელსაც უყურებ, ფილმი არ არის. ეს არის ცხოვრება თავისი საშინელებებითა და დიდებით" - ნათქვამია სტატიაში.
Villagevoice-ის სტატია შეგიძლიათ იხილოთ აქ: Sundance: Seriously, We Already Have One of 2017's Best Films
მასალის გამოყენების პირობები