“ბატონო ბიძინა!
ხელისუფლებაში თქვენს მოსვლამდე, ვხედავდით რამხელა პრობლემებს გიქმნიდნენ, თქვენი თქმით, “მონა-მოსამართლეები”, მათ შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე. გვახსოვს, როგორ გიყადაღებდნენ სხვადასხვა კომპანიებს, მაშინ “ქართული ოცნების” ყველა ლიდერი ამ მოსამართლეს “მონას” უწოდებდა.
გვიჩნდება ლოგიკური კითხვა, 2005 წლიდან დღემდე ვალერიან ცერცვაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეა, თუ ადრე მას ხელისუფლების “მონა-მოსამართლეს” უწოდებდით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, როგორ გახდა პატიოსანი და სამართლიანი?
გვაქვს ფაქტები, რომელიც ადასტურებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე ძალაუფლებას საკუთარი საოჯახო ბიზნესის სასარგებლოდ იყენებს.
ჩვენს მიერ თქვენთვის, მინისტრებისთვის, მთავარი პროკურატურისთვის გამოგზავნილ წერილებს არანირი რეაგირება არ მოჰყვა.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე საკუთარი კომპანიის (შპს “აიტექნიკის”) საშუალებით ხელს გვიშლის მუშაობაში და გვართმევს ბიზნესს.
გთხოვთ, სასწრაფოდ ჩამოგვაცილოთ, ამჟამად თქვენთან გადმოპორტირებული “მონა-მოსამართლე” ვალერიან ცერცვაძე, რომელიც ცინიკურად გვადებს ყადაღას საკუთარი კომპანიის სასარგებლოდ და აჩერებს ჩვენს საქმიანობას.
მიუხედავად თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის წარმოდგენილი ფაქტებისა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი მომჩივანი შპს “აიტექნიკი” თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეს ეკუთვნის თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ აიცილა საქმის განხილვა და არ გადასცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. ვალერიან ცერცვაძის სასამართლომ, ვალერიან ცერცვაძის ხელმძღვანელობით, საკუთარი ბიზნესის სასარგებლოდ 2017 წლის 18 იანვარს, ძალაში დატოვა 370 000 ლარიანი ყადაღა ჩვენს კომპანიაზე.
მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეს არ ჰყოფნის საზოგადოების ფული, რომლიც ხელფასის, ძვირადღირებულ სასტუმროებში მივლინებების, სახელმწიფო ავტომობილების და მძღოლების სარგებლობით იღებს. აღსანიშნავია, რომ ვალერიან ცერცვაძე სახელმწიფოსგან მიღებულ სახსრებს საკუთარი ბიზნესის კეთილდღეობისთვის იყენებს, “აიტექნიკის” საახალწლო ვიდეო-რგოლში სახელმწიფოს ავტომობილია გამოყენებული, რომელიც სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ სამსახურეობრივი მიზნებისთვის უნდა გამოყენოს, მეტიც აღნიშნულ ვიდეო-რგოლში სასამართლოს (სახელმწიფოს) მიერ დაქირავებული, ვალერიან ცერცვაძის მძღოლიც მონაწილეობს.
ვალერიან ცერცვაძეს არ ჰყოფნის უსამართლოდ ნაშოვნი უამრავი მილიონი და სასახლეები, რომლებიც ჩვენი საზოგადოების ფულით აიშენა. ამჯერად ის ჩვენ ბიზნესაც გვართმევს.
აშკარაა, რომ ვალერიან ცერცვაძე დაუსჯელობის სინდრომით არის გამსჭვალული. მან მისი მორჩილი “მონა-მოსამართლე” გოგიტა თოთოსაშვილოს მეშვეობით 370 000 ლარიანი ყადაღა დაგვიტოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ანგარიშებზე მრავალი წლით გაგვიჩერა თანხა და შესაბამისად ბიზნეს-საქმიანობა.
უახლოეს მომავალში ვაპირებთ დავიწყოთ საპროტესტო აქციების გამართვა. აბსოლუტურად ყველას გავაგებინებთ ამ უსამართლობის შესახებ, რაც სასამართლოში ჩვენს წინააღმდეგ ხდება.
იმისათვის, რომ საზოგადოება მუდამ იყოს ინფორმირებული, პროტესტის ნიშნად შემოგვაქვს ტუალეტის ქაღალდები, ვალერიან ცერცვაძისა და გოგიტა თოთოსაშვილის გამოსახულებით.
მივმართეთ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირკაშვილსაც, მიუხედავად მისი სურვილისა, მომხდარიყო ამ საქმის გამოძიება, იგი ვერაფერს გახდა. ამიტომ ვფიქრობთ, თქვენ როგორც “მოქალაქე” და “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერი, უფრო მეტი შესაძლებლობის მქონე ბრძანდებით, რომ სამართლიანობა აღადგინოთ.
მას შემდეგ, რაც გავბედეთ და ვამხილეთ მაღალჩინოსნები, საზოგადოებას აინტერესებს როგორ რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო. დღეს, ბიზნესის თავისუფლების ზღვარი გადის iPhone+_ზე. ეს არის საქმე, რომლისგანაც ბიზნესი სახელმწიფოსგან რეაგირებას ელოდება, რეაგირებამდე კი, ბიზნესი დაძაბული და შეშინებულია.
გთხოვთ, გაათავისუფლოთ ჩვენი ბიზნესი რეკეტისაგან”, - აღნიშნულია iPhone+_ის მიერ ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილ საჯარო წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






