NBA ALL STAR-ში მონაწილე ვარსკვლავების ვინაობა ცნობილია. შედეგები ოფიციალურად ტელეარხ TNT-ზე 20 იანვარს გამთენიისას გამოცხადდა. სასტარტო ხუთეულში ქართველი კალათბურთელი და "გოლდენ სტეიტის" ცენტრი ზაზა ფაჩულია ვერ მოხვდა.
იმის მიუხედავად, რომ ზაზა ფაჩულია გულშემატკივართა 1 528 941 ხმით დასავლეთის ფორვარდთა შორის მე-2 ადგილზე გავიდა, მედიამ და კალათბურთელებმა მას მხარი არ დაუჭირეს. მედიის წარმომადგენლების გამოკითხვაში ფაჩულია მე-10 ადგილზე, ხოლო მოთამაშეების გამოკითხვაში მე-12 ადგილზე აღმოჩნდა. საბოლოოდ 6,5 ქულით, ქართველმა კაპიტანმა დასავლეთის ფორვარდებს შორის მეექვსე ადგილი დაიკავა.
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთი კონფერენცია
კაირი ირვინგი, დემარ დეროუზენი, ლებრონ ჯეიმსი, იანის ანდეტოკუნმპო, ჯიმი ბატლერი.
დასავლეთი კონფერენცია
ჯეიმს ჰარდენი, სტეფ კარი, კევინ დურანტი, კავაი ლეონარდი, ენტონი დევისი.
"ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები 26 იანვარს დაასახელებენ შესაბამისად, კიდევ არსებობს ქართველი ცენტრის "ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი.
შეგახსენებთ, რომ წელს NBA-მ წესები შეცვალა და მხოლოდ გულშემატკივართა ხმები "ყველა ვარსკვლავის" წლევანდელ მატჩში მოსახვედრად საკმარისი აღარ იყო. ფანების ხმების წილი 50 პროცენტი იყო, ხოლო 25-25 პროცენტი - მედიისა და კალათბურთელების ხმების.
NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 19 თებერვალს ნიუ-ორლეანში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები