ახალი მეტროსადგურის მშენებლობა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორმა, გალაქტიონ ბუაძემ, სამუშაოების მწარმოებელ კომპანია „COBRA ASSIGNIA“-ს (კობრა ასიგნია) წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.
თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო. დაკონსერვებული გვირაბების სრული რეაბილიტაციის შედეგად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი უსაფრთხო სადგური შენდება.
ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ ამუშავება, დღეში 15 000 -ზე მეტ თბილისელსა და დედაქალაქის სტუმარს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს.
პროექტის ფარგლებში აღდგა არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ. მიმდინარეობს სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები, კეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირსა და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი. მზადდება სალიანდაგო ხაზები, ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, სიგნალიზაციის მართვის, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და სათადარიგო ამოსასვლელები. მშენებლობაზე 220 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2017 წლის ზაფხულში იგეგმება.
დედაქალაქში ახალი სადგურის მშენებლობა ურბანული ტრანსპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
მასალის გამოყენების პირობები






