4-სულიანი ოჯახის დიასახლისი უმძიმეს პირობებსა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.
ზურაბიშვილებს არა აქვთ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ისინი ახლა ნათესავის 6 სულიან ოჯახთან ერთად, დროებით მეზობლის სახლში ცხოვრობენ. მაისის თვეში ამ სახლის დაცლა მოუწევთ, რადგან მეპატრონე ოზურგეთში ბრუნდება.
„ჩემს დასთან ვართ შეკედლებულები, რომელსაც სახლი მეზობელმა დაუტოვა. მას ხუთი შვილი ჰყავს და მისი თავი გასჭირვებია, შეგვიფარა სამადლოდ. ის სახლიც მაისში უნდა დავცალოთ და მთლად ღია ცის ქვეშ ვრჩებით“-გვეუბნება ხათუნა.
როგორც ის გვიყვება, ოჯახს არა აქვს არც სოციალური დახმარება და არც სხვა შემოსავალი. თავის გატანას შავ სამუშაოეზე გამომუშავებული მცირე თანხებით ახერხებენ. ხშირად არა აქვთ ბავშვისთვის საკვები, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის.
„მრცხვენია, რომ ვამბობ, მაგრამ მართლა არაფერი არ გვაქვს. ბავშვს თითქმის ყოველდღე სუპს ვაჭმევთ. მეზობელი რომ გაუკეთებს თავის შვილს რამე კერძს, ის შემოუტანს ერთ თეფშს ხანდახან და აჭმევს. ხორცის ფული საიდან მექნება აბა?! მრცხვენია ამაზე ლაპარაკი. სოციალური აგენტი იყო მოსული, მითხრა, რა დავწერო დეკლარაციაში ვერ გავიგე, ნუთუ ამ პირობებში მართლა ცხოვრობთო?! მეზობელმა მომცა „საწოლის სეტკა“, იმაზე დავაგე ქაღალდები და ლეიბი და ბავშვებს იმაზე ვაწვენდი. ვიფიქრე თურქეთში წავალ და რამეს მაინც დავაგროვებ-მეთქი, რამდენიმე თვე ვიყავი, მშვენივრად ვიმუშავე, მაგრამ 3 დღით დამაგვიანდა საზღვრის გადმოკვეთა და დეპორტი ჩამირტყეს. ხუთი წელი ვერ გავალ ვერსად. არ ვიცი რა ვქნა, სად წავიდე, ასეთ დღეში, არა მგონია სხვა ვინმე იყოს. გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება. მრცხვენია ლაპარაკი, მაგრამ მართლა არაფერი არ მაქვს. არც საჭმელი, არც სახლი, საწოლი და ჭურჭელიც კი არ მაქვს, სხვისი ნაჩუქარი ტანსაცმელებით დავდივართ“.
ხათუნა ზურაბაშვილს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავს, რომელიც მეუღლესთან და მცირეწლოვან გოგონასთან ერთად ამჟამად დედასთან ცხოვრობს. ახალგაზრდა წყვილი, სამუშაოს მეზობლების მიწის, საყანე ფართობების დამუშავებით, სახლების დალაგებით, ან ჩაის კრეფით ძვლივს ირჩენს. ახლა მათი მთავარი საზრუნავი პატარა გოგონასთვის საჭირო ოპერაციის თანხის შეგროვებაა, რის გარეშეც პატარამ შესაძლოა მარცხენა ხელში მგრძნობელობა მთლიანად დაკარგოს.
„ბავშვმა ხელი ღუმელზე დაიწვა. ისეთ პატარა ოთახში ვცხოვრობდით, ორი ადამიანი გვერდს ვერ შუვლიდა. მიადო ხელი „ფეჩს“ და თითები დაეწვა. ოპერაცია თუ არ გავუკეთეთ, გვითხრეს ხელი ფუნქციას დაკარგავსო. რა უნდა ვქნათ, სად ვიპოვოთ თანხები? ვიყავი ქალაქის მერიაში მისული, ველაპარაკე სოციალური სამსახურის უფროსს, მითხრა, თანხის გადმორიცხვა ჯერ ვერ მოხერხდებაო, ბინის დაქირავება მოვითხოვე და მოძებნე სადმე ას ლარად თუ ნახავ, მეტს ბიუჯეტიდან ვერ გადაგიხდითო. ამდენი ხანია დავდივართ და ვეძებთ სახლს, ამ ფასად არსად არ არის.“-გვიყვება ხათუნა.
ზურაბაშვილებს საცხოვრებელი ბინა 90-იან წლებში დაუწვეს, როცა სახლში შესული ქურდი იცნო ოჯახის უფროსმა. მოხუცი მამა, როგორც ხათუმა ამბობს სწორედ ამის გამო დაუწვეს საკუთარ სახლში. ამის შემდეგ ხათუნა დედასთან, შვილთან და ძმასთან ერთად ცხოვრობდა ნახევრად დამწვარ და საცხოვრებლად გამოუსადეგარ სახლში:
„დამწვარ ბინაში დავრჩით 7 თვე, მიწაზე მოვასხამდით წყალს, ჯერ კარგად მოვტკებნიდით, მერე მოვაპრიალებდით. დავაგებდით ლეიბებს და ისე გვეძინა. არც საწოლი დაგვრჩა და არც ქვეშაგები. გამიხდა ასეთი პირობების გამო ბავშვი ავად და ძვლივს გადავარჩინეთ. მერე ჩემი ძმა გარდაიცვალა, ამის ნერვიულობას დედაჩემმა ვერ გაუძლო და 4 წელიწადში გარდაიცვალა. მერე ჩემი მეუღლე დაიღუპა, რომელიც ციხეში იჯდა და დავრჩით მარტო მე და ჩემი შვილი.
ბოლო წლებში ვიყავით ძველი საავადმყოფოს ბინებში და მოგვცეს ორი ძალიან პატარა ოთახი. მაგრამ ჩემი გოგო უკვე გათხოვილი იყო და პატარა ყავდა, როგორ უნდა გავჩერებულიყავით 4 სული ორ ძალიან პატარა ოთახში? ვუთხარი ქალაქის მერს, იქნებ დამეხმაროთ, საუბარი მინდა თქვენთან-მეთქი, ჩვენ სასაუბრო აღარაფერი გვაქვს, ბინა ხომ მოგეცითო. სოციალური სამსახურის უფროსს რომ ვუთხარი რა ვქნა ეს ორი პატარა ოთახი არ მყოფნის-მეთქი, არ გეყოფა, ძალიან პატარაა და მაშინ დატოვე და სხვას მივცემთო. დავრჩით ასე ჩემი დის მეზობლის სახლში. ისეთ ყოფაში ვართ, არ ვიცი სადამდე მოვითმენ, უკვე დავკარგე ნერვები, არა საჭმელი, არა სახლი, არა ფული და შემოსავალი, სად წავიდე მითხრან და წავალ, დავტოვებ საეთოდ აქაურობას. აღარ შემიძლია მეტი. იცხოვრებენ ასე თვითონ? გაუძლებენ უჭმელობას, სიცივეს, უსახლობას და იატაკზე ქვეშაგების გარეშე წოლას? რატომ იღებენ ათასობით ლარს ხელფასს თუ ასე ცოტაა საჭირო?! დამეხმარეთ!
პირველ რიგში სახლი მინდა და ამ პატარას ოპერაცია. თებერვლამდე ვერაფერს ვერ დაგეხმარებითო. ერთადერთი ერთჯერადი დახმარება მაქვს მიღებული მაგათგან 150 ლარი. მეტი არაფერი არ მიმიღია“-გვითხრა ხათუნა ზურაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






