ნინო ზაუტაშვილი, რომელიც მეორე ტურის შემდეგ ხმის მიცემის შედეგების გასაჯაროვებას და სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ არჩევანის დასაბუთებას ითხოვს, თვლის, რომ ვაკანტურ პოსტს ყველაზე მეტად მისი კანდიდატურა შეესაბამება.
რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძეს, რომელიც კულუარებში საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის ერთ-ერთი "რეალურ" კანდიდატად სახელდება, მოიაზრება, რომ ის სახელისუფლებო ძალის წარმომადგენელია და არჩევანიც მასზე გაკეთდება, რადგან არხი მმართველი გუნდის პოლიტიკის გამტარი იყოს. თავად მაღლაფერიძე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ - "ზოგი შეცდომაშია შეყვანილი, ზოგი განზრახ საუბრობს".
როგორც დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა, მედია-ექსპერტმა ირაკლი ტაბლიაშვილმა „ნიუპოსთან“ საუბრისას განაცხადა, მართალია ფონი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორობის კანდიდატების კონკურსის მიმდინარეობას ახლავს, დემოკრატიული პროცესია, თუმცა ფიქრობს, რომ ყველაფრის "ერთი ხელის მოსმით დანგრევა არ შეიძლება" და ბარათშვილის მემკვიდრე სასურველია ტელევიზიის შიგნით მოიძებნოს:
„საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესი, პირველ რიგში, არის დემოკრატიული პროცესი. ისინი ირჩევენ საზოგადოებრივი მაუწყებლის თავმჯდომარეს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, ვფიქრობ, ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სამეურვეო საბჭომ, მათ შეარჩიეს ის კანდიდატები, რომლებიც არიან ყველაზე მეტად ღირსეულები და რამდენადაც მე ვხვდები, ამ კანდიდატებს აქვთ ყველაზე კარგი პროგრამები წარმოდგენილი. ზოგადად, პროცესი შემიძლია შევაფასო მას შემდეგ, რაც გაირკვევა და გახდება ცნობილი ახალი თავმჯდომარის ვინაობა.
ჩემი აზრით, ეს იმდენად მძლავრი სტრუქტურაა, რომ სასურველია მართონ პირებმა, რომლებიც არიან შიგნით. უფრო კონკრეტულად, მემკვიდრეობითობა, რომელსაც ტოვებს ხელმძღვანელი და ამ შემთხვევაში დატოვა ბარათაშვილმა ეს, მე ვფიქობ, უნდა იყოს შენარჩუნებული და გაგრძელებული. არ შეიძლება იყოს განადგურებული რეფორმები. ინოვაციური მიდგომები აუცილებელია, მაგრამ არ შეიძლება ყველაფრის ერთი ხელის მოსმით მინგრევ-მონგრევა, ეს არის ჩემი, როგორც ერთი რიგითი თანამშრომლის აზრი.
რაც შეეხება, ღია სახელისუფლებო კანდიდატს, მოცემულ მომენტში არ არის, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს ეჭვი, ანუ ნდობით არ ეკიდება ერთი თუ ორი კანდიდატის ვინაობას, ეს ჩემი მოსაზრებაა“- განაცხადა ტაბლიაშვილმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატის გამოსავლენად სამეურვეო საბჭოს სხდომა 6 იანვარს გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები






