"პაუერლიფტინგი" ათლეტიზმის, ძალოსნური სპორტის ერთ-ერთი სახეობაა, რომლის არსი, სხვადასხვა მოძრაობით სიმძიმეების აწევაში მდგომარეობს. ეს მოძრაობებია: ჩაჯდომა, წოლჭიმი და ამოწევა, რის გამოც მას ძალისმიერ სამჭიდს უწოდებენ. მასში, სიმძიმედ შტანგა გამოიყენება და მიუხედავად იმისა, რომ ძალისმიერ სამჭიდსა და ძალოსნობას შორის ბევრი მსგავსებაა, სპორტის ეს სახეობები ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. საქართველოს ნაკრებისა და ათლეტიზმის ფედერაციის წევრი, სპორტსმენი ნოდარ ტატიშვილი ძალისმიერი სამჭიდით 2008 წლიდან, 19 წლის ასაკში დაინტერესდა და რამდენიმე თვის წინ, სპორტული კარიერის გასაგრძელებლად აშშ-ში გაემგზავრა. ამჟამად, იგი აქტიურად ემზადება მომავალი წლის ჩემპიონატებისთვის.
2017 წლის მარტში დომინიკის რესპუბლიკაში, ევროპის მასშტაბური ჩემპიონატი ჩატარდება, რომელშიც ევროპის დაახლოებით 40 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. შარშან ასეთივე ჩემპიონატზე ნოდარ ტატიშვილმა ესტონეთში იასპარეზა. აპრილში, ტეხასში მსოფლიო ჩემპიონატი ერთ-ერთ მოძრაობაში - წოლჭიმში გაიმართება, სადაც ნოდარ ტატიშვილი საქართველოს სახელით გამოვა. ივნისში კი ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება, ამჯერად, ბელორუსიაში, სადაც მინიმუმ 60 ქვეყანასთან ერთად, საქართველოს ნაკრებიც იასპარეზებს.
ნოდარ ტატიშვილს თავისი სპორტული კარიერის განმავლობაში, საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. 2010 წელს, მან საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზა, რასაც გამარჯვება მოჰყვა და რის შემდეგაც მწვრთნელებმა და ფედერაციის პრეზიდენტმა შესთავაზეს, ამ სახეობას უფრო აქტიურად მიჰყოლოდა, რადგან მასში დიდი პოტენციალი დაინახეს. 2011 წელს საქართველოს ჩემპიონატში კვლავ გამარჯვების შემდეგ კი, ნაკრებში აიყვანეს. ამას მოჰყვა მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, ასპარეზობა ახალგაზრდებსა და დიდებში. ფილადელფიაში ახალგაზრდებს შორის საუკეთესო სპორტსმენის თასი აიღო და ჩემპიონი გახდა, ასევე, მოხსნა რეკორდი სამივე მოძრაობაში. დიდებში კი მეორე ადგილზე გავიდა.
როგორც ნოდარი აღნიშნავს, სპორტსმენებისთვის აშშ-ში შესანიშნავი პირობებია: "ამერიკულ კლუბში მოხვედრა ძალიან რთულია, ნაკრებიდან დღესდღეობით აქ ორი სპორტსმენი ვართ - მე და არჩილ საშურაშვილი. შემოთავაზება მივიღეთ და შანსი, რა თქმა უნდა, გამოვიყენეთ, ჩამოვედით და ვცდილობთ, თავი დავიმკვიდროთ. ნიუ-იორკში სპორტსმენებისთვის ძალიან მაგარი პირობებია, საქართველოში კი არაოლიმპიურობის გამო, ყურადღებისა და დაფინანსების ქვეშ ნაკლებადაა. აქ კი კლუბში ვართ და ვარჯიშის, სწორი კვების საშუალება გვაქვს, ფინანსურადაც გვეხმარებიან, ყველანაირ ხარჯს უზრუნველყოფენ და არაფერი გვაკლია, როგორც სპორტსმენებს. ვცდილობთ, კომერციულ შეჯიბრებებზე კლუბის სახელითაც გამოვიდეთ და წარმატებას მივაღწიოთ, საქართველოს სახელით კი ოფიციალურ შეჯიბრებებზე - ევროპასა და მსოფლიოზე. 2017 წლის შეჯიბრება ჩვენი ქვეყნისა და ფედერაციისთვის დიდი მნიშვნელობისაა, ამიტომ, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ."
ანუკი გარაყანიძე
მასალის გამოყენების პირობები