სტუდენტთა დაფინანსების წესი 2017 წლიდან შეიცვლება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, უახლოეს მომავალში საზოგადოებას განათლების დაფინანსების ახალ მოდელს შესთავაზებენ. მისივე თქმით, ამის განხილვაში როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ჩაერთვებიან.
ჯეჯელავას თქმით, დაფინანსების მოქმედი მოდელი დღევანდელ საჭიროებებს ვეღარ პასუხობს.
„შევეცდებით, ახალგაზრდები იმ პროფესიაში, იმ მიმართულებით დავაფინანსოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებიან. აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს. ეს კომპონენტი დღევანდელ სისტემაში გათვალისწინებული არ არის. მოგეხსენებათ, დღეს ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას ბოლომდე მიყვება მიუხედავად აკადემიური შედეგებისა“,– განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სწორ მიმართულებებს არ წაახალისებს.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, შეეცდებიან, რომ დღეს არსებული დაფინანსების სისტემა 2017 წლისთვის ნაწილობრივ მაინც შეცვალონ.
„არ მგონია, სრულად ამოქმედება მოვასწროთ, მაგრამ რაღაც ახალი კომპონენტები ამოქმედდება“,– უთხრა მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს.
მასალის გამოყენების პირობები






