
„ადამიანები განწყობას თვითონ ვიქმნით და ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ კარგ განწყობაზე ვიყოთ. მე ეს საკმაოდ კარგად გამომდის და ამაში ძალიან მეხმარება საკუთარი თავი, კარგ განწყობას მიქმნის კარგი მუსიკის მოსმენა და კარგი წიგნის წაკითხვა...“ - ამბობს „ნიუპოსტთან“ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი მარიშკა ჯავახაძე , რომლის მიერ შექმნილმა გმირმა ბარბარე მანტკავამ, სერიალში ბევრი ააფორიაქა...
როგორც თავად ამბობს ბარბარესთან საერთო არაფერი აქვს გარდა ბაბუას სიყვარულისა...
ჩაიკითხეთ ინტერვიუ და მარიშკას შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს შეიტყობთ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი სერიალის ახალი გმირი გადასაღებ მოედანზე „პოლიტიკიდან მოვიდა“.
მარიშკა ჯავახაძე: ერთი კვირაც არ არის გასული რაც ჯიპას დიპლომი ავიღე, დავამთავრე „სახელმწიფო მართავა“, ძალიან გახარებული ვარ, ბევრი ვიწვალე და ბოლოს შედეგიც დადგა. ნამდვილად არ იყო ჯიპაში სწავლა ადვილი. ოთხ წლიანი კურსი გავიარე და ახლა ერთ-ერთ კომპანიაში ვიწყებ მუშაობას ჩემი პროფესიით.
-ანუ გარკვეული დროის შემდეგ შეიძლება სახელმწიფოს სათავეშიც მოგვევლინო?
-სახელმწიფო სათავეში არა, უფრო კერძო კომპანიასა და კერძო ბიზნესში. სხვათაშორის პარლამენტში ვმუშაობდი, დათო ბაქრაძის თანაშემწე ვიყავი.
-ამიტომაც გაქვს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან გადაღებული ფოტოები ?
-არა, მაგიტომ არა. ნაციონალურ მოძრაობასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაკავშირებს, ნათლიაჩემი გივი თარგამაძეა. ოღონდ ხომ არის ნათლიები, მოგნათლავენ და დაგივიწყებენ. ეს ის შემთხვევა არ არის, მე და გივის ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან, ჩემი ახლო მეგობარია. ასევე დედას ძალიან ახლო მეგობარია ხათუნა გოგორიშვილი. მე მიშა მაჭავარიანის ბავშვის ნათლია ვარ. დედაჩემის მეორე ქმარი იყო, ძალიან კარგი ადამიანი რეზო ადამია.
-მოკლედ პოლიტიკოსების დიდ ოჯახში ყოფილხარ გაზრდილი... ბაქრაძესთან მუშაობის პერიოდმა რა მოგცა?
-დათო ბაქრაძესთან ვიმუშავე 2012 წლიდან, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები, აი მაშინ გადავწყვიტე, რომ უნდა მივსულიყავი და მეთქვა რაში დაგეხმაროთ? იმიტომ რომ ჩემი ახლობლები იყვნენ. სწორედ მაგ დროს დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნები და ჩავერთე. თავიდან ვიყავი ბაქრაძის სტაჟიორი , მოვიარეთ მთელი საქართველო ერთად, ეს იყო ძალიან საინტერესო, რადგან ვხვდებოდი ისეთ ადგილებში, სადაც ჩემით ვერასოდეს წავიდოდი და ვერც ვერასოდეს მოვხვდებოდი.
გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი სხვადასხვა რეგიონებიდან. მერე უკვე არჩევნები როდესაც დამთავრდა ბატონმა დავითმა დამტოვა თავისთან თანაშემწედ, რამაც რა თქმა უნდა მომცა ძალიან დიდი გამოცდილება. გამიჩინა ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.

-ეს პოლიტიკაში „შეჭრილი“ გოგო როგორ აღმოჩნდა „ჩემი ცოლის დაქალებში“?
-სერგი კაპანაძემ გამაცნო სერიალის პროდიუსერი ირაკლი საღინაძე, სულ სხვა საქმეზე იყო საუბარი, მერე დავიმატეთ მე და ირაკლიმ ერთმანეთი ფეისბუქზე, მერე რა მოხდა არ ვიცი, შეიძლება ჩემი სურათები ნახა, მოეწონა და... ერთ დღესაც მომწერა მოდი სინჯებზეო, მივედი, წავიკითხე ტექსტი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ არ ამიყვანდნენ, იმიტომ რომ არ ვარ მსახიობი, მაგრამ დამირეკეს სამშაბათს გადაღება გაქვს და რას იცმევო.
- გაგიხარდა? გქონდა სურვილი თუ სულერთი იყო?
-ძალიან მინდოდა, ჩცდ-ს ვუყურებ პირველი სერიიდან, ერთი სერიაც კი არ გამომიტოვებია. ვგიჟდები ამ სერიალზე. სცენარისტი, ქეთი დევდარიანი არის უნიკალური ადამიანი. ლიფონავას ნიჭიერებაზე არა მაქვს ლაპარაკი. ლიფონავა ასე თუ ისე მანამდეც ვიცოდი, თავისი ფილმებით. ქეთი იყო ჩემთვის აღმოჩენა, ვუყურებდი და სულ ვიძახდი - ეს არის სოციალური პოროექტი და ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება ამ სერიალიდან. ეს არ არის უბრალოდ უაზრო გასართობი სერიალი. ამიტომაც ძალიან გამიხარდა.
-გცნობენ ქუჩაში?
- მარტო რომ ვარ უფრო არა, რადგან რადიკალურად განსხვავებული ჩაცმის სტილი მაქვს, იმდენად სხვანაირად გამოვიყურები რეალურ ცხოვრებაში, რომ... მგონი ვერ აკავშირებენ. ბარბარე ხომ ძაან გაპრანჭული და რაღაცნაირი გოგოა, მე პრიქით... იმ დღეს მე და გიორგი მახარაძე მოვდიოდით გადაღების შემდეგ პლეხანოვზე ფეხით და გიორგისთან ერთად რომ ვიყავი უფრო მიცნეს... გვესმოდა - ბარბარე და მაქსიმე, ბარბარე და მაქსიმე...
- შეყვარებული თუ გყავს ან თუ გყავდა? თუ მაქსიმეს კოცნა იყო პირველი რეალურ ცხოვრებაშიც შენთვის?
-არაა, ძაან ცუდი იქნებოდა კამერების წინ რომ მქონოდა პირველი კოცნა. გამიმართლა, ამის გამოცდილება მქონდა... ახლა არავინ არ მყავს, მარტო ვარ... საკმაოდ დიდი ხანი ვიყავით ერთად, მაგრამ ეს ადრე იყო და არ მინდა ამაზე საუბარი...
-შენ და ბარბარეს გაქვთ რამე საერთო?
-ერთადერთი საერთო რაც ბარბარესთან მაქვს ეს არის ბაბუაჩემის, ვახტანგ ჯავახაძის უზომო სიყვარული, ბაბუათი მეც ზუსტად ისე ვამაყობ, როგორც ბარბარე. იმიტომ რომ ვთვლი რომ ბაბუა თანამედროვე ერთ-ერთი საუკეთესო პოეტია, და ის რაც ბაბუმ დაწერა გალაკტიონზე „უცნობი“, ეს არის უნიკალური წიგნი.
ადრე, ბესიკ ხარანაულმა უთხრა - შენ ისეთი წიგნი დაწერე როგორც პოეტი წლების შემდეგ აღარ ემახსოვრები ხალხს , ყველას ემახსოვბრება შენი „უცნობიო“, მაგრამ როცა ელეგია , ყელსაბამი დაიწერა ბესიკმა თქვა - მგონი უცნობს კონკურენტი გამოუჩნდაო.

-შენც ხომ არ წერ ბაბუას მსგავსად ლექსებს?
-ახლა არა, მაგრამ ბავშვობაში ძალიან მომწონდა ბაბუს საბეჭდი მანქანა და იმდენად მომწონდა, რომ მეც ვწერდი სკოლაზე ლექსებს...
-მსახიობობა ხომ არ მოგანდომა ჩემი ცოლის დაქალებმა?
-ძალიან საინტერესოა, მაგრამ მე ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს სხვა შემოთავაზება თუ იქნება დიდი სიამოვნებით დავთანხმდები, რა თქმა უნდა თუ ისეთივე პროფესიონალების გუნდი იმუშავებს როგორიც „ფორმულა კრეატივია“.
- ფრანგულად ცხოვრებაშიც ხომ არ ლაპარაკობ?
- ფრანგულად არა, ინგლისურად კი, დიდი ხანი ვცხოვრობდი ამერიკაში, ამიტომ ინგლისური კარგად ვიცი.
-ამერიკაში ცხოვრება რატომ მოგიხდა?
-დედაჩემის მეუღლე რეზო ადამია იყო ელჩი გაეროში 4 წელი და მთელი ჩვენი ოჯახი წავედით ნიუ-იორკში საცხოვრებლად. ძალიან საინტერესო ბავშვობა მქონდა. რეზოს ჰყავს ორი უფროსი ბიჭი, რომლებიც ჩემი ძმები არიან. ძალიან მიყვარს ორივე და .ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა მამინაცვალი, რაც ჩემი თავი მახსოვს, მახსოვს რეზოც. ამიტომ ჩემთვის რეზო მამინაცვალი ნამდვილად არ ყოფილა, რეზო ჩემთვის იყო ყველაზე, ყველაზე ახლო ადამიანი და ძალიან ძვირფასი...
მაგრამ ჩემი მამაც ირაკლი ძალიან მაგარი მამაა....

-რა ოცნება გაქვს?
-ძალიან მინდა და მართლა ვოცნებობ რომ, ძაღლების თავშესაფარი გავაკეთო, სურვილი დიდი მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული... ფეისბუქით ამ მხრივ სულ ვაქტიურობ. ცხოველთა დაცვის ჯგუფებში გაერთიანებული ვარ... მე მინდა ჩემი თავშესაფარი გავაკეთო...
ბავშვობიდან მიყვარს ცხოველები, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ რეზომ მაჩუქა ძაღლი, რომელიც გახდა ჩვეულებრივად ჩემი ოჯახის წევრი. რაც რეზომ ძაღლი მომიყვანა და გავაანალიზე რა არის ცხოველი, იმის შემდეგ ხორცი არ მიჭამია. იმდენად საყვარელია და იმდენად შემიყვარდა ძაღლები, რომ მინდა მათთვის რაღაც გავაკეთო. თუ გამომივა ძალიან გამიხარდება. ჩემს საქმესთან ერთადმინდა რომ ეს საქმეც ვაკეთო.
-საახალწლოდ რა ისურვებდი ქვეყნისთვის ეს პარლამენტარგამოვლილი ქალი?
-ვისურვებდი დასტაბილურდეს ეს ეკონომიკური მდგომარეობა, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს საახალწლოდ, სამომავლოდ კი ევროკავშირსა და ნატოს ვისურვებდი.
მასალის გამოყენების პირობები






