აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი 800 000-მდე მიწის მესაკუთრეს დაეხმარა.
2013 წლის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, მცირემიწიანი ფერმერებისთვის, ვისაც საკუთრებაში აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შემუშავდა სხვადასხვა ტიპის დახმარების პაკეტი.
როგორც შალვა ფიფიამ აღნიშნა, სასოფლო–სამეურნეო ბარათი, ჯამური ღირებულებით 184,377,306 ლარი, მიიღო 670,581 ბენეფიციარმა. 20 მაისის მდგომარეობით განაღდებულია 107,994,092 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ბარათი.
დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში სულ მოხნულია 130,993 ჰა მიწა.
ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბართების განაღდების პროცესში დღეისათვის პროექტში ჩართულია 542 მეწარმე, რომლებსაც ჯამში 884 მაღაზია აქვთ მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც შესაძლებელია ბარათის განაღდება სასოფლო-სამეურნეო საქონელზე და ინვენტარზე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნიადაგის ხვნის და ხნულის გაფხვიერების სამუშაოებს, დღეის მდგომარეობით მთელი საქართველოს მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში 1731 ტრაქტორი ახორციელებს. აღნიშნული ტექნიკის ნაწილი - 814 ერთეული ტრაქტორი - შპს "მექანიზატორის" საკუთრებაა, ხოლო ნაწილი - 917 ტრაქტორი ეკუთვნის სატრაქტორო კომპანიებს, ინდ.მეწარმეებსა და ამხანაგობებს.
პროექტის ფარგლებში ხარვეზების, უზუსტობების, დარღვევების დასადგენად და გამოსავლენად, აქტიურად მიმდინარეობს განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგის პროცესი.
ბრიფინგზე შალვა ფიფიამ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" შესახებაც ისაუბრა. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში, 29 მარტიდან 02 მაისის ჩათვლით გაცემულია შემდეგი სახის სესხები:
I კომპონენტის "უპროცენტო სასაქონლო კრედიტი (განვადება) მცირე ფერმერებისათვის" ფარგლებში 587 ბენეფიციარზე გაიცა 375 442 ლარის ღირებულების საქონელი.
II კომპონენტის ფარგლებში 338 ბენეფიციარზე გაცემულია 6 485 415 ლარის სესხი. კერძოდ: მეცხოველეობაზე - 131 სესხი , მემცენარეობაზე - 122, მეთევზეობაზე - 2, მეფრინველეობაზე - 4, მეფუტკრეობაზე - 14; სათბურებისათვის – 15, სარწყავი სისტემებისათვის – 3 , სხვა ტიპის აგრარული მიზნებისთვის - 41 სესხი.
III კომპონენტის ფარგლებში 8 ბენეფიციარზე გაცემული 3 241 500 აშშ დოლარის ოდენობის სესხი. კერძოდ: მარცვლეულის საშრობისათვის და მარცვლეულის საწყობისთვის - 2 სესხი, მეღვინეობის მიმართულებით გაიცა 6 სესხი.
შალვა ფიფიამ აღნიშნა, რომ ბანკებში დღეისათვის II კომპონენტის ფარგლებში დამუშავების პროცესშია 451 სესხი ჯამური თანხით 10,691,900 ლარი, ხოლო III კომოპონენტის ფარგლებში - 35 სესხი 12,736,500 აშშ დოლარის ღირებულებით.
ბრიფინგზე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სარწყავი და სადრენაჟე არხების რეაბილიტაციის შესახებაც ისაუბრა. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით სარწყავი სისტემების პრაქტიკულად ყველა დიდი მაგისტრალური არხი და გამანაწილებელი გაწმენდილია და სარწყავი სეზონის დამთავრებისთანავე დაგეგმილია მათზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რაც ბოლო 20 – 25 წელია არ ჩატარებულა. 2013 წელს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოები დაწყებულია 70 ობიექტზე.
წლის ბოლომდე მთელი საქართველოს მასშტაბით 50 სარწყავი არხი გაიწმინდება და ამ სარწყავი არხების გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ 3-ჯერ მეტი სასოფლო სამეურნეო მიწის ფართობი (70 ათასი ჰა) იქნება წყალუზრუნველყოფილი, რაც რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






