პრეზენტაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა და სამეცნიერო-აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.
მესამე ტომის სახელწოდებაა "მზიანი ღამე. პატრიარქი". ტრილოგიის იდეის ავტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა. პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი კი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნესტან კირთაძეა.
ტრილოგიაზე მუშაობა 2000 წელს დაიწყო. პირველი ტომი -2003 წელს, მეორე ტომი კი 2006 წელს გამოიცა.
ქართველთა საუკუნის ტრილოგიაში შესულია უნიკალური ხელნაწერები, ექსკლუზიური ფოტორეპროდუქციები, არქიტექტურული და სხვა სახელოვნებო ნიმუშები.
საპარიარქოში გამართულ პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა ნესტან კირთაძემ მიმართა. რომელმაც საუბარი პატრიარქის აღსაყდრების 40 წლიანი ისტრორიის მიმოხილვით დაიწყო.
"დადგა დეკემბერი და დეკემბერში ყველამ ვიცით, რომ ჩვენი აზრი გარბის უფლის კვართის უპირველეს სამბრძანებლოში და უპირველეს ტაძარში - სვეტიცხოვლში. ჩვენი აზრი, გონი და ემოცია გადის 1977 წლის 25 დეკემბერზე, როდესაც საქართველომ, მორწმუნე მრევლმა და ზენაარმა საპატრიარქო ტახტზე აიყვანა და კათოლიკოს - პატრიარქის მიტრა დაადგა სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ყველასთვის უკვე საყვარელ მამამთავარს ილია მეორეს. სულ მალე ისევ მზე იქნება გაჩახჩახებულ მცხეთაზე და კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 39 წელს იზეიმებს საქართველო, ეს გადადის მეორმოცე წელში და პატრიარქული მოღვაწეობის, მსახურების ასეთი ფაქტი არ იცის საქართველოს ისტორიამ, ეს არის პირველი, არ ვიცი მსოფლიოში არის თუ არა მსგავსი ანალოგები, მაგრამ მე თქვენთან ერთად გადავდივარ 40 წლიანი მოღვაწეობის კიდევ უფრო სხვა განზომილებაში”- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ნესტან კირთაძემ.
მისი თქმით, ტრილოგია 16 წლის განმავლობაში იქმნებოდა.
ზუსტად აქ ამ დარბაზში, 16 წლის წინ მიხმო უწმინდესმა პატრიარქმა და გამანდო მისი სურვილი რომ შექმნილიყო ნამდვილი მონუმენტური წიგნი საქართველოს შესახებ. ქრისტიანული ცივილიზაციის უძველესი ქვეყნის შესახებ. მისი ისტორიის ანალების, სულიერების, თანამედროვეობის შესახებ. ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მდებარე, რელიგიათა და კულტურათა გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს შესახებ და იმის შესახებ, რომ საქართველოს თავისი სიტყვა აქვს სათქმელი მსოფლიოსათვის. რა საკვირველია დიდი პატივით, დიდი სიმდაბლით მივიღე კათოლიკოს-პატრიარქის ეს კურთხევა და წყალობა, მაგრამ მართალი გითხრათ, როდესაც მითხრა სიტყვები - აბა მუხლი მოიყარე და აიღე კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქისგან, მაშინ ძალიან შემეშინდა. არათუ შემეშინდა დავიწყე ტირილი, თან მიხაროდა, თან ვგრძნობდი, რომ რაღაც ახალი იწყებოდა. მაშინ უწმინდესმა თქვა, რომ თქვენ სრულიად ახალი კონცეფციით უნდა წარმოაჩინოთ ყველაფერი“- აღნიშნა ნესტან კირთაძემ.
პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორის განცხადებით, რომ არა მამა გიორგი ზვიადაძე ტრილოგია არ შედგებოდა.
"ჩვენ მასთან ერთად განვიხილეთ მთელი კონცეფცია, შემოვიკრიბეთ საერო და სასულიერო მეცნიერები. მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ტრილოგიის ავტორები არიან ორიათასწლოვანი ქრისტიანული ცივილიზაციის, საქართველოს ყველა გამორჩეული ადამიანები, როგორც წარსულში ასევე თანამედროვეში”- აღნიშნა პროფესორმა.
ნესტან კირთაძის განცხადებით, "ნათელი ქრისტესი. საქართველო" მე-3 ტომში საუბარია პატრიარქის ეპოქალურ მმართველობაზე.
"მინდა გითხრათ, როგორც ისტორიკოსმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოში ყველაზე რთულ დროს, ჩვენი ქვეყნის ყველაზე რთულ მოსახვევში, ათეისტური დიქტატურის მძვიბვარების ჟამს აღიღო ჯვარი პატრიარქისა. იტვირთა მოციქულებრივი მისია და ურწმუნო საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დააბრუნა და მან 40 წლის განმავლობაში მართლაც შექმნა ეპოქა, ეპოქა არნახული აღმშენებლობისა ტაძართა და მონასტერთა ბერ-მონაზვნური ცხოვრებისა. სასულიერო სემინარიებისა და აკადემიებისა დიდი კონსტიტუციური შეთანხმებისა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. იგი იყო და არის მებრძოლი პატრიარქი, საქართველოს ავტოკეფალიის საერთაშორისო ცნობისა და აღიარებისათვის და დღემდე ის არის მებრძოლი პატრიარქი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. მისი სუვერენიტეტისა და თავისუფლებისათვის, მებრძოლი ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მთლიანობისათვის. მან შექმნა ეპოქა სრულიად ახალი საგარეო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჩამოყალიბდა აბსოლუტურად ახალი პოლიტიკური მიმართულება, რაც არის საქართველოს გეოცივილიზაციური ფუნქციის განსაზღვრა, რომლის მთავარი ამოსავალი არის იქცეს პატარა, ქრისტიანული ცივილიზავიის საქართველო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მუდმივი დიალოგის ცენტრად. მან შექმნა ეპოქა ქართული საგალობლების აღდგენა -აღორძინებისა და ქართულ ქრისტიანულ ცივილიზაციას, მის კულტურას შთაბერა სრულიად ახალი სული. ეპოქალურ პატრიარქს ამ წიგნის პირველ ფურცელზე მე ვუწოდე საგა ეპოქალური პატრიარქის შესახებ. დღეს თქვენს წინაშეა ტრილოგია. ეს გახლავთ იმ კონცეფციაზე დაყრდნობილი, როდესაც მოხდა მატერიალური და სულიერი სინქრონიზაციის გზით ქართული საზოგადოებისათვის, მსოფლიოსათვის გვეჩვენებინა სრულიად ახალი პროფილით საქართველო, როგორც ევროპა-აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უმნიშვნელოვანესი ქრისტიანული ცივილიზაციის ცენტრი. ეს გახლავთ ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე შენაძენი საქართველოსთვის, როგორც ბეჭდური მონუმენტური ძეგლი"- აღნიშნა კირთაძემ.
ნესტან კირთაძემ უნიკალური გამოცემის, ქართველთა საუკუნის ტრილოგიის - "ნათელი ქრისტესი. საქართველო" მე-3 ტომზე საუბრისას აღნიშნა, რომ ნაშრომი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დასრულდა.
პროექტის ავტორმა და მთავარმა რედაქტორმა საპატრიაქოში მყოფ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
ნესტან კირთაძემ ასევე მადლობა გადაუხადა „ეროვნულ დემოკრატიული ბპარტიის“ ლიდერს ბაჩუკი ქარდავას. ნესტან კირთაძის განცხადებით, მთელი ორი წლის განმავლობაში წიგნის ელექტრონული ვერსია სწორედ ედპ -ს სათაო ოფისში გამოყოფილ ოთახში მზადდებოდა.
გამოსვლის დასასრულს ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ „მეცნიერების გასულიერებისა და სულიერების გამეცნიერების მდინარება, კალაპოტი გაიჭრა“.
„ეს მოხდა ისე, რომ საერო და სასულიერო მეცნიერებმა გავიარეთ უნივერსალურ ფორმულაზე - რწმენა და ცოდნა. აქ ჩემი სტუდენტებიც სხედან და მე მათ ერთხელ ვუთხარი: პატრიარქს უყვარს თავის ეპისტოლეებში მსოფლიოს ცნობილი ადამიანების, დიდი ადამიანების ისტორიების მოხმობა სხვადასხვა კონტექსტში და არც თუ ისე იშვიათად იხსენებს ალექსანდრე მაკედონელს. თემას ცოტას გადაუხვევ და გეტყვით, ალექსანდრე მაკედონელი რომ დაიბადა, მამამისს ფილიპეს ძალიან გაუხარდა, იმის მიუხედავად, რომ ფილიპემ ზუსტად იცოდა, რომ მისი მეტოქე დაიბადა და დაიბადა არა უბრალოდ მაკედონიის მეფე, არამედ იმპერატორი და მბრძანებელი, ის სიხარულისგან გულგატეხილი სტუმრების წინაშე ამბობდა: მე ვარ ბედნიერი მამა, ვინაიდან ჩემი ვაჟი ალექსანდრე არისტოტელეს თანამედროვე არისო. ახლა ამ ფრაზას, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და ჩვენთან მოვიდა, შეგვიძლია პერიფრაზი გავუკეთოთ. ჩვენ ამ დარბაზში მყოფნი, ჩინიანი და უჩინონი, მდიდარნი და უქონელნი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ვართ ბედნიერი ადამიანები რომ ჩვენ ეპოქალური მოღვაწის ილია მეორეს თანამედროვენი ვართ. დღეგრძელობა თქვენ, თქვენო უწმიბდესობავ და მშვიდობა და გამარჯვება საქართველოს“- აღნიშნა ნესტან კირთაძემ.
თავის მხრივ პატრიარქმა ნესტან კირთაძეს საოცარი ადამიანი უწოდა: "ქალბატონი ნესტან კირთაძე საოცარი ადამიანია. თქვენს გარდა ვერავინ შეძლებდა ამის გამოცემას".
უწმინდესის თქმით, "ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს, როგორი დონეა ჩვენი აზროვნების".
"მე მახსენდება აღსაყდრების შემდეგ პირველი დღეები. არაფერი არ გვქონდა ჩვენ. მე მოვიწვიე საპატრიარქოში რამდენიმე მეცნიერი, მივეცი მათ მოსკოვის საპატრიარქოს ჟურნალები და ვთხოვე, იქნება ქადაგებები მაინც ეთარგმნათ. ერთი-ორი კვირის შემდეგ მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ ვერ ვთარგმნითო ამას, ქართველი მკითხველისთვის ნამეტანი უბრალოა ეს და ჯობია ჩვენ ვიფიქროთ ახალ გამოცემებზეო. მაშინ დაიბადა ეს იდეა. ეს ტრილოგია გამოხატავს ჩვენს ინტელექტს, ჩვენს პოტენციალს, რა შეუძლია ქართველს გააკეთოს, როგორი დონეა ჩვენი აზროვნების. შედეგი ჩვენს წინაშეა და ეს შედეგი საოცარია. მე მინდა მადლობა მოგახსენოთ ყველას, ვინც იშრომა და მოგიწოდებთ ყველას, ეს იყოს მხოლოდ დასაწყისი და ვიფიქროთ მომავალზე", - განაცხადა ილია მეორემ.
მასალის გამოყენების პირობები






