დეკანოზი ლევან მათეშვილი თქმით საქართველოს ეკლესია კრიტიკული მომენტის წინაშე დგას, "დიღმის საეკლესიო დაჯგუფება" კი მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა:
"12-15 წლის წინ, როდესაც "დიღმის" დაჯგუფებამ გადაწყვიტა მაშინდელი ავტორიტეტული სასულიერო პირის, პროტოპრესვიტერ გიორგი გამრეკელისთვის იერიშის მიტანა, მაშინ რომ სასულიერო პირების უმრავლესობა დასდგომოდა გვერდში მამა გიორგის, რომელმაც დეტალურად აღნუსხა ტოტალიტარული დაჯგუფების "საქმენი საგმირონია", დღეს ამგვარი ვითარება ეკლესიაში არ იქნებოდა! უმეტესობა გაუფთხილდა თბილ ადგილებს, ან უბრალოდ თავი არ შეიწუხა! არადა, ეს პრობლემა დღეს მე-4 სტადიის სიმსივნედ იქცა! დღეს არის კრიტიკული მომენტი, ან ეკლესიას დაეპატრონებიან "განათლებული","მოსიყვარულე","სათნო" ძალები და ეს ეკლესია ცოტა ხანში ნახავთ სად აღმოჩნდება! ან ვისაც გიყვართ იესო ქრისტე და მისი ეკლესია წინ უნდა აღვუდგეთ მომძლავრებულ მეტასტაზებს!", - წერს ლევან მათეშვილი ფეისბუკზე.
დეკანოზ ილია ჭიღლაძის თქმით შავრაზმელი ფანატიკოსები ქრისტეს ეკლესიას აზიანებენ. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა:
"რელიგიური ფანატიზმი და სიბნელე ყველანაირ ფანატიზმზე და სიბნელეზე საშინელია, ის განუზომლად საშიში და მავნებლურია, ვიდრე სხვა მავნე იდეოლოგიები ერთად აღებული, რადგან ის აყალბებს ჭეშმარიტებას, ანადგურებს ჭეშმარიტ რელიგიურობას და ხელს უწყობს ურწმუნოებას. ფანატიზმი ეკლესიის წიაღში ეკლესიის ბუნებასთან შეუთავსებელი, ანტიეკლესიური, ერეტიკული მოვლენაა. იმედია, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა მალე... საქართველოს ეკლესიის ვალია, დაიცვას ღირსეული სასულიერო პირები დეკ. ალექსანდრე გალდავა და დეკ. თეოდორე გიგნაძე ფანატიკოსთა მავნებლური, ცილისმწამებლური, თავხედური თავდასხმებისგან. და საერთოდაც, შორს ეკლესიისგან ბნელი, შავრაზმელი ფანატიკოსები, რომლებიც აზიანებენ ქრისტეს ეკლესიის სხეულს!", - წერს ჭიღლაძე.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კოლხიც (კვარაცხელია). მისი თქმით მიუხედავად იმისა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია რადიკალური დაჯგუფების არსებობა, თვლის რომ ყველაზე დიდი უბედურება ეკლესიაში დაპირისპირების გაღრმავება და გაყოფა იქნება:
„სამწუხაროდ გვიან შევიტყვე, თორემ აუცილებლად მივიდოდი და საკუთარ პოზიციასაც დავაფიქსირებდი სასულიერო პირების შეხვედრაზე...
უფალმა იცის, როგორ ძალიან მიყვარს ყველა ერთად და ცალცალკე...
სანამ სტიქიური უბედურება არ დაგვატყდება თავს, მანამდეც შეიძლება მოეწყოს მსგავსი შეხვედრები და ქრისტიანული ჰუმანიზმიდან გამომდინარე, როგორც მინიმუმ, დავინტერესდეთ ერთმანეთის სულიერი და მორალური მდგომარეობით, მაქსიმუმ კი, რითიც შეგვიძლია ურთიერთას სიმძიმე ვიტვირთოთ და ესრეთ აღვასრულოთ რჯული იგი ქრისტესი...
გული დამწყდა, რომ მამა თეოდორეც ცილისწამების და აგრესიის მსხვერპლი გახდა. ვიქნები სუბიექტური და გავიხსენებ, წლების წინ, ჩემი ერთერთი ლექსი, რომელმაც ლიტერატურულ კონკურსში პრემია მოიპოვა, მავანთა საქილიკოდ აქციეს, მამა თეოდორეს მისი ულამაზესი ქადაგების დასრულების შემდეგ, ამ ლექსსზეც უსაუბრია და ზუსტად იმ კუთხით შეუხედავს, როგორც დაიწერა... ორმაგად შემიყვარდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ქომაგად დამიდგა, არამედ იმიტომ, რომ მისი პოზიცია ხმამაღლა, ყველას გასაგონად დააფიქსირა. მას ალბათ, ეს დეტალი არც ახსოვს, მე სულ მემახსოვრება. (არც ვიცი, სოციალური ქსელით სარგებლობს თუ არა, მაგრამ ვისაც მასთან შეხვედრა გაქვთ, ჩემგან მოიკითხეთ და გადაეცით, რომ მის გვერდით ვარ)
დღეს ძალიან დაძაბული ფონია გარშემო... იმდენად, რომ ძილი არ გამკარებია. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი რადიკალური დაჯგუფების არსებობის მიუხედავად, საკუთარ თავს კითხვა დავუსვი-რომელ მხარეს დავდგებოდი?! პასუხი უმარტივესი და სწრაფი აღმოჩნდა-არც ერთის მხარეს, რადგან ორივე ჩემია და ორივე თანაბრად, გაუსაძლისად მტკივა. ღმერთმა ჩემი დიდი ოჯახის წევრების გაყოფას არ მომასწროს, ყველაზე დიდი უბედურება ეს იქნება...
ისე კი, პირადულ ტკივილსაც მინდა შევეხო... წლების წინ, მე და ჩემი ცამეტი წლის შვილი, როცა ამბიონიდან უღმერთოდ გვლანძღეს, გვათრიეს, სატანის კერძი გვიწოდეს და ლამის ეკლესიის და ერის მოღალატედ გამოგვაცხადეს, ხმა არც ერთ მხარეს არ ამოიღია... შედეგმა კი დღემდე მოგვიყვანა...
ცხადია, ჩემი ქადაგების აუდიო ჩანაწერები არ ვრცელდება, რომ ათასობით ქრისტეს გზას შეუერთდეს, მაგრამ ყველას თავისი სასაუბრო ენა გააჩნია. ამ შემთხვევაში, მე პოეზიის ენით დამადგინა უფალმა მესათხევლედ... ათობით სუიციდით შეპყრობილი ახალგაზრდა, სწორედ ამ ენით ,,შეურიგდა" ღმერთს... ისინი არამხოლოდ მორწმუნეთა რიგებში ჩადგნენ, რამოდენიმემ მონასტერსაც მიაშურა...
ყველას საკუთარი ჯვარი აქვს საზიდი... თუ ვერ შევეხიდებით, ხელი მაინც არ შევუშალოთ ერთმანეთს...
ის ფსიქოლოგიური სტრესი, რაც წლების წინ მივიღეთ, ჩემს ოჯახში დღემდე გრძელდება... არ ვარჩევ, პროცენტულად ვინ იყო მტყუანი ან მართალი, მთავარია იგივე სხვასთან არ განმეორდეს... თუმცა არც ის მინდა დავიჯერო, რომ სხვისი ჭირი ღობის ჩხირია... მანამდე გავუგოთ ერთმანეთს, სანამ საკუთარ მაგალითზე გამოვცადეთ...
დანარჩენი სხვა დროს...“- წერს პეტრე კოლხი.
შეგახსენებთ სასულიერო პირთა ნაწილი დეკანოზმა დავიტ ისაკაძემ ქადაგების დროს გააკრიტიკა, მისი თქმით დეკანოზები თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა მწვალებლები არიან და უამრავი ადამიანი შეჰყავთ შეცდომაში:
“სამღვდელოება რომელიც ბუჩქებშია ჩასაფრებული, სწორედ ამას გაიძახოდა, რომ მერე რა მოხდა "პაპის ვიზიტი" - და ახლაც იგივეს გაიძახის. მინდა პირდაპირ დავასახელო ისინი და არა მხოლოდ ამ კონტექსტში, არამედ სხვა საკითხებზეც, ცხონების საკითხი, ნათლისღების თემა. ეს დაჯგუფება არის ასეთი, თეოდორე გიგნაძე და ალექსანდრე გალდავა, რომელთაც აქვთ რაღაც საშუალებები, ტელეარხები, გამოდიან, ქადაგებენ, იწერენ და უამრავი ადამიანი შეჰყავთ შეცდომაში. მათ მწვალებლურ გამონათქვამებს უკვე საზღვარი აღარ აქვს. მე მომაწოდეს ამონარიდები მათი ქადაგებებიდან, ძალიან ბევრი ადამიანი ცდუნდება მათი საუბრებიდან გამომდინარე, ამის შესახებ უკვე საქმის კურსში არიან მაღალი იერარქები, ვინც წარმოადგენენ კომისიას, ვინც მსჯელობს ამა თუ იმ სამღვდელო პირის საღვთისმეტყველო და ზნეობრივ საკითხებზე. ჯერ-ჯერობით რეაგირება არ არის. ამიტომ მე პირდაპირ, ხმამაღლა ვამბობ, რომ ამ დაჯგუფებას ბოლომდე ვამხელთ, ვიდრე ისინი ან სინანულში არ იქნებიან ან კიდევ არ შეუჩერდებათ სამღვდელო მსახურება. თქვენ იცოდეთ, რომ ეს მღვდელმსახურები არიან ეკლესიის მტრები. მათი ქადაგებები სავსეა მკრეხელობით. ისინი არიან ღმერთისგან განდგომილი სასულიერო პირები. ურწმუნო ადამიანები.“- განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






