ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ მიღება შეეძლებათ პირებს 18 წლის ასაკიდან და მათ, ვისაც 2017 წლის 2 ნოემბრამდე უსრულდება 18 წელი.
აქცია ეხება ბიომეტრიულ პასპორტსაც და მისი შეცვლა ან პირველად აღება 50%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.
2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს. „ჩვენს ბაზებში მოქალაქეთა მონაცემების სიზუსტე კვლავაც აქტუალურია, რადგან 11 თვეში საქართველოში კვლავ არჩევნებია და საარჩევნო სია მუდმივად უნდა იხვეწებოდეს. ჩვენ გვსურს კიდევ უფრო ზუსტი და სანდო საარჩევნო სია მომავალი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“, − განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. სწორედ ამ მიზნით იუსტიციის სამინისტრომ ბოლო 4 წლის განმავლობაში 23 აქცია გამოაცხადა. შედეგად, 1 155 245-ზე მეტმა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ ან შეღავათიანი ფასით მიიღო. იუსტიციის უწყების განცხადებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი საარჩევნო სია ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






