დაზარალებული მოსახლეობა დევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს უფროსს, მანუჩარ ჩილაჩავას უყურადღებობაში ადანაშაულებს.
"ეს ადამიანი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. დევნილებს არც კი გვისმენს, სულ რაღაცას იმიზეზებს და სამუშაო ადგილზე არ გხვდება. არც ტელეფონზე გვპასუხობს. სრული ქაოსია"- აღნიშნა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
"ნიუპოსტის" რეგიონალური კორესპონდენტის ცნობით, მას შემდეგ რაც დასახლებაში ჟურნალისტები გამოჩნდნენ, ადგილზე სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და მოსახლეობას პრობლემის 24 საათში მოგვარებას დაჰპირდნენ.
მძიმე მდგომარეობაა ფაიფურშიც. სტამბის შენობაში ჩასახლებული ბენეფიციარებიც დევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს პიკეტირებით იმუქრებიან.
დევნილების თქმით, შენობა ავარიულია და სახურავი დაზიანებული. დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობა კი მათ თბილისში, სამინისტროს ცენტრალურ ოფისში ამისამართებს.
"მთელი ღამე, ყინვაში ბავშვებთან ერთად გარეთ გავატარე. მცირეწლოვანი შვილები პოლიეთილენის პარკში გავახვიე და ისე დავაძინე. მიზეზი გაუსაძლისი მდგომარეობაა. სახურავი ჩამოინგრა და გვაწვიმს, ყურადღებას კი არავინ გვაქცევს. მთავრობა დუმს, დევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელობა კი გვემალება. იქნებ ჟურნალისტებმა გვიშველოთ"- უთხრა "ნიუპოსტს" ერთ-ერთმა დევნილმა. რომელიც პროტესტის უკიდურესი ფორმის მიმართვით იმუქრება. ქალბატონი ამბობს, რომ შიმშილობას დევნილთა სამინისტროს სამმართველოს აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას კაბინეტთან დაიწყებს.
მასალის გამოყენების პირობები






