„2016 წლის თებერვალში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ კიდევ ერთი რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა სოფელ ადიგენში. სოფლის სასაფლაოსთან დაკავშირებით დაწყებული დავას დომინანტი რელიგიური თემის წარმომადგენლების მხრიდან მუსლიმებზე ძალადობრივი თავდასხმა მოჰყვა, რაც შეუწყნარებლობისა და რელიგიური ძალადობის ესკალაციაზე მიუთითებს. აღნიშნული კონფლიქტი 2012 წლის შემდეგ მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი მეშვიდე კონფლიქტი იყო და ის მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს და არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. სოფელი ადიგენის საქმეზე, ისევე როგორც სხვა რელიგიური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება, რაც დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს. არაეფექტიანი პრევენციისა და გამოძიების პოლიტიკის კუთხით ხაზი უნდა გაესვას იეჰოვას მოწმეების მიმართ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის ზრდის ტენდენციას.
პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყების – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) საქმიანობას თითქმის არც ერთი მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები არ მოჰყოლია. წინა წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები კვლავ გადაუჭრელი და ფაქტობრივად კონსერვირებულია (სამთაწყარო, ქობულეთი, მოხე). მოხეში მდებარე საკულტო-ნაგებობასთან დაკავშირებით დაწყებული დავის გადაწყვეტის მიზნით სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ, 2 წლიანი მუშაობის შემდეგ არ უზრუნველყო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის საკითხის შესწავლა (არსებითად რისთვისაც ის შეიქმნა) და მთავრობამ შენობა კვლავ „სადავო საკულტო ნაგებობის“ სტატუსს დაუქვემდებარე. სააგენტოს მიერ უსამართლო, არაგამჭვირვალე და ილუზორული მექანიზმის შექმნამ მოხეში რელიგიურ თემებს შორის გაუცხოება და დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციაზე/დაბრუნებაზე პოლიტიკური ნების არ არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ყოველგვარი საჯარო ინტერესით დასაბუთების გარეშე, ათეულებით უძრავ ქონებას გადასცემს მართლმადიდებელ ეკლესიას, მუსლიმი თემის არა ერთი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობამ არ უზრუნველყო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფა, რაც მუსლიმი თემისთვის, რომელიც ათეულობით წლების განმვლობაში ღია ცის ქვეშ ლოცულობს, განსაკუთრებით ტრავმატული აღმოჩნდა.
რუსთავში კათოლიკური ეკლესიის მშენებლობის ნებართვის გაცემა რუსთავი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად ვერ მოხერხდა, რაც ადგილობრივი ხელისუფლების არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. აღნიშნული საქმე რელიგიური ნაგებობების მშენებლობის კუთხით შექმნილი დისკრიმინაციული პოლიტიკის ნათელი მაგალითია.“- აღნიშნულია კვლევაში.
ფოტო "სამხრეთის კარიბჭე"
მასალის გამოყენების პირობები






