ახალგაზრდა მომღერალი მარიამ ელიეშვილი მუსიკით ადრეული ასაკიდან ინტერესდებოდა. დამთავრებული აქვს ა. მიზანდარის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სადაც პედაგოგები ურჩევდნენ კლასიკურ მუსიკას გაჰყოლოდა, თუმცა, საზოგადოებამ სრულიად განსხვავებული ჟანრის სიმღერით გაიცნო. მარიამის მუსიკალურ კარიერაზე გარდამტეხი გავლენა იქონია 2013 წელს, სკვერში გადაღებულმა და ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც მომღერალი ფანდურზე ასრულებდა სიმღერას „ჩვენ ახლა ერთურთს“, რომელსაც ამჟამად 10 მილიონამდე ნახვა აქვს „Youtube“-ზე.
2012 წელს მომღერალს მიღებული აქვს მუსიკალური სასწავლებლის „საუკეთესო სოლო შემსრულებლის“ წოდება. მარიამი, პარალელურად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. არასდროს უფიქრია, რომ მომღერალი გახდებოდა, თუმცა, დღესდღეობით მუსიკა მისი განუყოფელი ნაწილია.
მარიამის სადებიუტო ალბომი „ველოდები მზეს“ „ბრავო რექორდს“-ში ჩაიწერა. ალბომში შესულია ქართული ძალიან ცნობილი სიმღერები სრულიად განსხვავებული არანჟირებებით, მათ შორის არის გია ყანჩელის ლეგენდარული სიმღერა „საით მიდიხარ“, ხალხური „გელინო“, „ახ, ტურფავ, ტურფავ“, გოგი ცაბაძის „მზე ჩადის“, კახა ცაბაძის „ვიყავი მარტო“ და სხვა.
უნდა აღინიშნოს, რომ „ბრავო რექორდსი“-სთვის მსგავსი ჟანრის ალბომზე მუშაობა პირველი იყო.
მასალის გამოყენების პირობები






