მისი თქმით, რაც ხდებოდა გუშინ სავალუტო ბაზარზე, ეს გარკვეული მოლოდინებიდან შექმნილი აჟიოტაჟი იყო.
სების პრეზიდენტი ამბობს, რომ მოლოდინებს გარკვეული ფაქტორები განაპირობებს და რთულია განცალკევება.
„დოლარის კურსი ისტორიულად გაიზარდა, ამავე დროს მოხდა გაუფასურება ჩვენი მეზობელი ქვეყნების ვალუტისა. ყველაფერმა ერთად ითამაშა თავისი როლი. ბაზრებს სამწუხაროდ ახასიათებს ასეთი მოვლენა, რომელსაც ჰქვია „ოვერშუთინგი“, ანუ იმ დონეზე მაღლა ასვლა მოკლე პერიოდში, რასაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებენ. როგორც წესი ამას მოყვება ხოლმე ისევ ძველი დონისკენ ჩამოსვლა. გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განცხადება და ალბათ არ იყო ეჭვი იმაში, რომ ეს პროცესი უნდა შებრუნებულიყო“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ამსთან სების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "ბაზარზე არიან მყიდველები, არიან გამყიდველები და გარკვეულწილად შეიქმნა დროის მოკლე მონაკვეთში განსხვავება, დისპროპორცია მყიდველებსა და გამყიდველებს შორის"
"მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც არსებობდა მიუხედავად ისტორიულად გამყარებული დოლარისა, მაინც არაფრით არ მიანიშნებდა იმაზე, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, უნდა მომხდარიყო უკუსვლა, რაზეც ეროვნულმა ბანკმა გუშინ ისაუბრა და ეს მოხდა კიდეც", - განაცხადა გვენეტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






