პრობლემის სიმწვავეზე და მისი მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობს “ნიუპოსტთან“ „ტრანსპორტის და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილი . მისი თქმით უახლოეს პერიოდში სახელმწიფო სტრუქტურებს გადაეგზავნება პროექტები, რომელიც ამ პრობლემის გარკვეულწილად მოგვარებას შეუწყობს ხელს. ასეთად კი ასოციაციას ბავშვების მანქანებში სპეციალიზირებულ სავარძლებში მოთავსება და შუქნიშნებზე მონიტორინგი მიაჩნია.
„ჩვენმა ასოციაციამ დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელსაც ჰქვია „ბავშვთა საგზაო უსაფრთხოება“. მერიასაც აქვს ინტერესი, ასე ვთქვათ მათი დაკვეთით ხორციელდება ეს პროექტი. ძირითადი მიზანია, რომ ჩვენ რეალური მიზეზები შევისწავლოთ, გამოვავლინოთ ის რაც შესაცვლელია და სახელმწიფო სტრუქტურებს გავუკეთოთ რეკომენდაცია. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევისას 2000-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო ტრავმა ხოლო 70-ზე მეტი ბავშვი გარდაცვლილია, რაც ევროპულ საშუალო მაჩვენებელს აღემატება ოთხჯერ. ფოკუს ჯგუფებში კარგად ჩანს, რომ პრობლემა არის ძალიან მწვავე. ადამიანი რომელსაც, კალთაში უზის ბავშვი, მთელი ძალით ეჯახება სავარძელს და ეს შვილის პირდაპირი გაწირვაა, რაც ყოვლად დაუშვებელია.
კვლევები გვიჩვენებს რომ საქართველოში არ არსებობს კულტურა ბავშვების გადამყვანების, გამცილებლის ინსტიტუტის, შესაბამისი სტანდარტებით. სამწუხაროდ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც მშობელს შვილთან ერთად შეუძლია გადაჭრას გზა და გადაიაროს მიწისქვეშა გადასასვლელის თავზე. ისე რომ ვერც კი აცნობიერებს რამდენად რისკის ქვეშ აყენებს ბავშვის სიცოცხლეს, მაშინ როდესაც მისი ცნობიერება არ არის ჩამოყალიბებული და პრაქტიკულად მშობელი შვილზე თვითნებობს და წირავს საკუთარ შვილს.
ჩვენ მოვითხოვთ, რომ ავტომობილით მგზავრობისას ბავშვების გადაყვანა მხოლოდ სავარძლით მოხდეს. სამწუხაროდ, ასეთი ჩანაწერი კანონში არ არსებობს და ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება ეს
პრობლემაა ასევე ადმინისტრირების თვალსაზრისით, საპატრულო პოლიციის რეაგირება ნულის ტოლია როდესაც მძღოლები საჭეს მართავენ ბავშვთან ერთად. საჯარიმო სანქციები უნდა გამკაცრდეს იმ ტიპების მიმართ რომლებიც საჭეს ბავშვთან ერთად მართავს უნდა იყოს განსხვავებული. მეორეს მხრივ ვითხოვთ სავარძლების დაკანონებას. ამასთანავე დიფერენცირებული უნდა იყოს ჯარიმა ქვეითებთან დაკავშირებითაც:
ქვეითი, რომელიც არღვევს საგზაო წესებს ჯარიმა ჩვენ რეალობაში ამისთვის არის 10 ლარის ოდენობით, ჩემი აზრით როდესაც ის ბავშვთან ერთად გადაადგილდება და მაშინ არღვევს საგზაო წესებს ჯარიმა უნდა იყოს უფრო მეტი. ამავე პროექტის ფარგლებში ვაპირებთ, გარკვეული კურსები დაინიშნოს სკოლებსა და ბაღებში, იმისთვის რომ ბავშვებმა იცოდნენ შუქნიშნის ფერების, ზებრა გადასასვლელების და საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ განათლების სამინისტროს მივმართავთ“- განაცხადა ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარემ.
როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში „ნიუპოსტს“ განუცხადეს, საგზაო უსაფრთხოების შესახებ პროექტის მომზადებაზე კონკურსი ოქტომბერში გამოცხადდა, რომელშიც ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო მონაწილეობა, პროექტის მომზადების მთავარი მიზანი საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება უნდა ყოფილიყო.
„ოქტომბერში საგზაო უსაფრთხოების მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების პროგრამის შემუშავებაზე მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში შეირჩა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი. ჩვენი ინტერესია, რომ გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება და დავიცვათ უსაფრთხოების წესები, როგორც მძღოლებმა ასევე ქვეითებმა. ინტერესი იყო ყველა ასპექტის მოცვა. შემოვიდა ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტი, ესენია: მესხიშვილის, „იარე ფეხით“, „პარტნიორობა- საგზაო უსაფრთხოება“ , „საქართველოს მწვანე ავტო-კლუბი“ და „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“.
ჯამში ცნობიერების ამაღლების პროგრამის ბიუჯეტი შედგენს 50 000 ლარს. ამ პროექტების ძირითად მიზანს წარმოადგენს, რომ არასამთავრობოებთან ერთად ყველამ ერთად ვიზრუნოთ იმისთვის, რათა ჩვენი მოძრაობა და გადაადგილება იყოს უსაფრთხო და შევამციროთ უსიამოვნო და ზოგჯერ ტრაგიკული შემთხვევები“- განუცხადეს „ნიუპოსტს“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.
მარიამ კალანდაძე - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






