ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ერთ-ერთი თავდამსხმელი დანის გამოყენების მუქარით გაეკიდა ორ ტრანსგენდერ ქალს, მაგრამ მათ გაქცევა მოახერხეს.
"ინციდენტის შედეგად რამდენიმე დაზარალებულმა მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება. კერძოდ, როგორც დაზარალებული ამბობს, თავდამსხმელმა მას მინის დიდი ბოთლი ესროლა, რომელიც ზურგის არეში მოხვდა.
ერთ-ერთი დაზარალებულის ინფორმაციით, მან საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა სამართალდამცავების მოსვლამდე თავდამსხმელებმა მიმალვა მოასწრეს. დაზარალებულებმა საქართველოს სახალხო დამცველსაც მიმართეს ცხელ ხაზზე დახმარების თხოვნით, მაგრამ ამ დრომდე WISG-ის იურისტებისთვის უცნობია თუ რა სახის რეაგირება მოახდინა ომბუდსმენის აპარატმა.
ერთ-ერთმა დაზარალებულმა WISG-თან საუბარში აღნიშნა, რომ თავდამსხმელები იყვნენ ორი მამაკაცი, რომლებიც გამოიყურებოდნენ ისე, როგორც ის პირები, ვინც 2016 წლის 25 ნოემბერს ტრანსგენდერ ქალს ნატას დაესხნენ თავს.
,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის’’ ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალებზე საჯარო თავშეყრის ადგილებში ძალადობა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განსაკუთრებით გახშირდა. WISG მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გააძლიეროს სამართალდამცავთა პატრულირება ქალაქის ისეთ წერტილებში, სადაც დანაშაულის ჩადენის ალბათობამ იმატა"- აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






