მოსახლეობამ ხელისუფლებისგან შენობის გადარჩენას ითხოვს და ამ მიზნით მათ ხელმოწერებიც შეაგროვეს.
როგორც ,,ნიუპოსტმა“ გაარკვია, შენობის მასალით დაინტერესება 8 ოქტომბრის არჩევნების დროს მოხდა.

ელენე ბაირამოვა, რომელიც წარმოშობით პატარა მეჯვრისხევიდანაა ,,ნიუპოსტთან“ ჰყვება, რომ სკოლის გაყიდვა და დემონტაჟი დაახლოებით ერთი თვეა გადაწყდა. მისი თქმით, შენობაში საპარლამენტო არჩევნების დროს საარჩევნო უბანი იყო განთავსებული. ,,არჩევნების დროს ვიღაცას მოეწონა და დაუწყიათ ავეჯის გატანა. მაშინ ითქვა, რომ შენობის მასალა, რომელიც არის უნიკალური ქართული აგური, ვიღაცას მოსწონებია და კახეთში მარნის აშენება გადაუწყვეტია. ვინაიდან არ იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, აუქციონზე 100 ლარად გაყიდეს და მასალაც მყიდველს მისცეს. სინამდვილეში 2 საუკუნის ქართული აგური და 16 ცალი 800 ლიტრიანი ქვევრი გაყიდეს. აუქციონის პირობაშია ჩადებული, რომ მეორადი მასალა ეკუთვცნის მას, ვინც შეასრულებს დემონტაჟს“ - აცხადებს ელენე ბაირამოვა.
მისი თქმით, ამჟამად სკოლის დემონტაჟი დროებით გაჩერებულია, რადგან სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით იქ ზედამხედველობის სამსახური მივიდა და სამუშაოები შეაჩერეს.
,,ავიყვანეთ გორიდან და გავაჩერებინეთ დემონტაჟი. განცხადებები შევიტანეთ კულტურის და განათლების სამინისტროში. საქმის წარმოებაა დაწყებული და ველოდებით პასუხს“.

მასალა, რითაც შენობაა აშენებული შესაძლოა უფრო ადრინდელია, რადგან ეს სკოლა დაარსებულია 1876 წელს დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით. ეს იყო აზნაურის სახლი, სადაც დაარსდა 2-წლიანი სკოლა სოფლად მცხოვრები გლეხებისა და შეჭირვებული ხალხისთვის.
,,ნიუპოსტს“ შენობის მარნის ფოტოებიც მაიწოდეს, რომელიც სპეციალისტების თქმით, უნიკალურია და მოწმობს, რომ იმ დროისთვის მაშინდელი თანამედროვე სისტემით იყო აშენებული.

,,ამ სკოლაში არის უნიკალური მარანი. ინფორმაცია ძირითადად მეჯვრისხეველებისგან ვიცი და შემდეგ უკვე ფოტოებითაც გადავამოწმე. აქ არის 16 ქვევრი, რომელიც აუქციონში საერთოდ ნახსენები არ არის. ეს 16 ქვევრი - თითო არის 12 კოკიანი, ანუ თითო კოკა ნიშნავს როგორც აღმოჩნდა, 800 ლიტრს. ეს არის სამდარბაზიანი, რაც ნიშნავს, რომ იმდროისათვის ყოფილა საკმაოდ თანამედროვედ აშენებული. სამივე არის დიდი მოცულობის, ეს ნიშნავს, რომ ამ სახლში შეძლებული მოსახლე ცხოვრობდა. ეს არის ქართული აგურით ნაშენები და ვიცით რა ფასიც აქვს ამ აგურს. ჩვენ ახლა ვცდილობთ მივანიჭოთ კულტურული მეკვიდრეობის სტატუსი, რადგან შევინარჩუნოთ და ღვინის ტურიზმისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მითუფრო ვიცით, რომ ეს სოფელი საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ეს კოლა ფუნქციონირებდა ბოლო წუთამდე“ - აცხადებს ელენე ბაირამოვა.
მისი თქმით, ბავშები დღეს დადიან მეზობელ სოფელში.
სკოლის დირექტორი ელენე ხუციშვილი ამბობს, რომ სკოლაში წყალი ჩამოდიოდა და შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და არსებობდა შენობის ნგრევის საშიშროება.
ელენე ბაირამოვა ჩვენთან ჰყვება, რომ სკოლას არაფერი სჭირდა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ერთი ადგილიდან წყალი ჩამოდიოდა და იატაკი იყო გაფუჭებული. ,,არქიტექტორი იყო გუშინაც და შეამოწმა სკოლა, არაფერი არ ჭირს და კედლებიც მყარია“ - აცხადებს ბაირამოვა.
მეჯვრისხევში არსებული სკოლის ნგრევას არქიტექტორთა ნაწილიც აპროტესტებს. გიორგი მარგიშვილი ამბობს, რომ სკოლა ისტორიული მნიშვნელობისაა და მას კულტურული ძეგლის სტატუსი უნდა ჰქონდეს. ,,ადმინისტრაციულ-კულტურული შენობები იყო რევოლუციის დროინდელ ისტორიულ შენობებში განლაგებული, მათი დიდი ნაწილი განადგურებულია და თუ ასე გაგრძელდა მივალთ იქამდე, რომ ძნელი დასადგენი იქნება ის, თუ რამდენად ისტორიული სოფელი გვაქვს“.





მასალის გამოყენების პირობები






