რას ამბობს ვიკიპედია ირაკლი ჩარკვიანის მოღვაწეობაზე:
ირაკლი ჩარკვიანის მუსიკალური მოღვაწეობა დაიწყო 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად. მუსიკოსის შემდეგი ჯგუფი იყო ნაკლებად ცნობილი, ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“, რომელშიც აგრეთვე უკრავდნენ დადა დადიანი, ბიჭიკო ოსიპოვი დაკახა კიკაბიძე. ალბომის „ტაქსი“ (1988) გამოცემის შემდეგ მსმენელებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მათი მუსიკის მიმართ.
„ტაქსის“ წარმატების პიკი იყო 90-იანების დასაწყისი. ამ პერიოდში ჩატარებული ყველაზე ცნობილი კონცერტებიდან აღსანიშნავია თბილისის ფილარმონიასა და ქუთაისში, ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში მოწყობილი კონცერტები.
ირაკლის მონაწილეობით შემდგარი სხვა პროექტები იყო: ელეტრონულ-ალტერნატიული ჯგუფი Children's Medicine (საბავშვო მედიცინა) (1991-1992); Daira (1997) — პროექტი, რომელიც ლივერპულში მოქმედებდა და რომელშიც მონაწილეობდნენ ირაკლი და დადა დადიანი.
ირაკლის პირველი სოლო-გამოჩენის მაუწყებელი იყო სიმღერა „War is Over“. მისი პირველი სოლო-დისკი, Svan Songs ჩაიწერა და გამოიცა 1993 წელს (გერმანია). ეს მნიშვნელოვანი სოლო-დებიუტი იყო და დღემდე ითვლება 90-იანებში ჩაწერილი ქართულენოვანი ალტერნატიული დისკების ერთ-ერთ მთავარ ნიმუშად.
1994-1995 წლებში ირაკლი მუშაობდა მუსიკაზე კინოფილმისთვის ორფეოსის სიკვდილი.
1997 წელს გამოიცა მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი აფრენ. 1999 წელს გამოჩნდა სიმღერა „საქართველო“, 2000 წელს შემდეგი დამოუკიდებელი სიმღერა „უსაფრთხოება“. ირაკლის მორიგი სტუდიური დისკი ამო გამოჩნდა 2001 წელს. ეს ალბომი ცნობილია სიმღერებით „სექსი“ და „ორგანი'78“ (აგრეთვე გადაღებული იქნა მუსიკალური ვიდეოები ამ და ალბომის სხვა სიმღერებზე).
2004 წელს გამოჩნდა ალბომი სავსე, რომელიც დაემთხვა ირაკლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა ახალი ტალღის გამოჩენას. ამ დისკიდან ყველაზე ცნობილი სიმღერებია „ვიცი რომ“, „აქ ხარ“ და „ნანასი“. ეს პერიოდი აგრეთვე გამოირჩევა ირაკლის შემოქმედებითი აქტიურობით — შინაურ სტუდიაში იგი მუშაობდა ბევრ ახალ სიმღერაზე და, პარალელურად, საკმაოდ ხშირად იღებდა ახალ ვიდეოკლიპებს საკუთარ სიმღერებზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდიდან მან საკუთარ ფსევდონიმად „მეფე“ აირჩია.
2006 24 თებერვალს მუსიკოსი გარდაიცვალა საკუთარ სახლში. მოგვიანებით, 2007 წელს, სპეციალური ალბომი მის ხსოვნას მიუძღვნეს ცნობილმა მუსიკოსებმა: ჯგუფებმა „33ა“, „მწვანე ოთახმა“, „Outsider“, „ვაკის პარკმა“, „The Young Georgian Lolitaz“, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა. დისკს ქაღალდის გემი - Tribute ალბომი ეწოდება.
მოგვიანებით შეგროვებული იქნა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და გამოიცა მისი ბოლო სტუდიური ალბომი „ძირს მეფე“. შემდგომში მსგავსი სახით გამოჩნდა გამოუცემელი მასალის კიდევ ერთი კრებული, თეთრი ღმერთი.
ირაკლი ჩარკვიანი აქტიურად მოღვაწეობდა პოეზიაშიც. გამომცემლობა ინტელექტმა მისი გარდაცვალების შემდეგ მოიძია ლექსები და გამოსცა კრებული "მეფე ირაკლის ლექსები" (2008, 2011). ირაკლი ჩარკვიანი არის რამდენიმე მოთხრობისა და ერთი რომანის, "მშვიდი ცურვის" ავტორი(გამოქვეყნდა 2006 წელს). მისმა რომანმა 2014 წელს გაიმარჯვა ქართულ ლიტერატურულ მარათონში – "ჩემი წიგნი", რომელშიც ხმების რაოდენობით გადაუსწრო ისეთ წიგნებს როგორიცაა: მიხეილ ჯავახიშვილის "ჯაყოს ხიზნები", გურამ დოჩანაშვილის "სამოსელი პირველი", თომას მანის "ჯადოსნური მთა", ფიოდორ დოსტოევსკის "იდიოტი."
mental.ge ირაკლი ჩარკვიანის 27 გენიალური ფრაზას აქვეყნებს:
1. არასოდეს უნდა გამორიცხო, რომ შენ აბსოლუტურად ცდები და სხვები აბსოლუტურად მართლები არიან.
2. ჭეშმარიტი მიზანი თვითონ გზაა და არა ის მიმზიდველი სატყუარა, რომელიც კვლავ წინსვლას გაიძულებს.
3. ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. შენ და ტალღა ერთი ხართ. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ მიგიყვანს იქ, სადაც მიდის. მიჰყევი მას და გახსოვდეს, რომ შენი მელოდია განუმეორებელია, ყველაფერთან შესაბამისი და ჰარმონიული.
4. მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.
5. მე სხვა გზით წავედი, ანუ არანაირი გზა არ ავირჩიე, თვით გზებს მივეცი ჩემი აქეთ იქეთ ტარების უფლება.
6. არასოდეს არ მყოლია მეგობრები, ეს სულ დროებითი ხალხია. როგორც წესი მერე თორმეტკაციანი გუნდი თავისას ჩაიდენს, თუ დროზე არ დაუსხლტი ხელიდან, იმას გიზამენ რაც საწყალ იესოს უქნეს.
7. ჭეშმარიტი გმირობა გმირობაზე უარის თქმაა.
8. ისე უნდა გახურდე, რომ გადაიწვა, ისე უნდა გაანათო, რომ დაბნელდეს, ისე უნდა იცხოვრო, რომ მოგკლან, ისე უნდა მოკვდე, რომ დაიბადო.
9.სინამდვილეში სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე.
10. მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი.
11. დაე, სხვა გემები მორეკოს წყალმა, გემუდარებით იცინეთ, იცინეთ, როცა მე წავალ!
12. მე ყოველთვის იქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ბალახიან მიწას… სულ ეს არის და ეს.
13. სიჩუმისადმი გაუწონასწორებელი დამოკიდებულება კაცობრიობის ყველაზე დიდი უბედურება იყო.. სიჩუმესთან ბრძოლა სულაც არ არის საჭირო, პირიქით უნდა შეურიგდე, მიყვე მას, თუ გსურს ცოტახნით მაინც გახდე იმის მოწმე, თუ როგორ იბადება ჭეშმარიტი ბედნიერება.
14. ხალხი ღიზიანდება, როდესაც მეფეს ირქმევ, მაგრამ ხალხი ყოველთვის გაღიზიანებულია, როცა პოპულარული ხარ, ამიტომ დიდი განსხვავება არაა მეფეს დაირქმევ თუ არა, ვიღაც ყოველთვის შენს წინააღმდეგ იქნება, ამიტომ სჯობს მეფეს ებრძოდნენ, ვიდრე ირაკლი ჩარკვიანს!
15. ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცო
ცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია როგორც მონობა, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეში აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია.
16. მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს.
17. სიმართლე სჯობს ნაკლებმა ხალხმა იცოდეს, რადგან ის ცხვირზე ამოსულ მუწუკს ჰგავს, რომელიც სწორედ მაშინ ამოდის, როცა წვეულებაზე ხარ დაპატიჟებული.
18. რაც უფრო მეტს გასცემ,მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო.
19. ყველაზე მთავარი რაც მარტოობაში ვიგრძენი, ის არის რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული აღარასოდეს მიმატოვებს.
20. კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას გავს და ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ცდილობს მოიტყუოს თავი, რომ სიყვარული არსებობს.
21. ჭეშმარიტი კაიფი სიფხიზლეა
22. დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს!
23. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.
24. თუ მართლა ბედნიერი გინდა იყო, არ უნდა ატეხო ბრძოლა ბედნიერებისთვის
25. ჭეშმარიტი დაბადება მხოლოდ სიკვდილის შემდეგ არის შესაძლებელი, განსაკუთრებით კი ჩვენს კავკასიურად შემოსაზღვრულ წრეში, სადაც სიკვდილი ერთადერთი ბილეთია საყოველთაო სიყვარულის სპექტაკლზე
26. გამოდი შენი ციხიდან, რომ აღარ ჰგავდე სხვას
27. მოკვდი, მოკვდი, მოკვდი, რომ გახდე თვითონ შენი თავი!
მასალის გამოყენების პირობები